მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი, რისი რომანტიზებაც უნდა მოვახდინოთ, საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“  ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და რეალისტური საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ ხედავენ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ პასუხობს ხელისუფლება ამ გამოწვევებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოება სწორად აფასებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

„ძალიან კარგად გამოჩნდა, რა შეგვიძლია დავინახოთ, რა არ შეგვიძლია დავინახოთ და რისი დანახვა არ გვინდა. ხალხი ძალიან კარგად ხედავს,  სად, რა და როგორ ხდება და რას როგორ პასუხობს, თუნდაც საგარეო პოლიტიკაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით,ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.

„მე არ ვისურვებდი, იმ მდგომარეობაში იყოს ეს ქვეყანა, რა მდგომარეობაშიც დღეს უკრაინაა. ნამდვილად არ ვისურვებდი და ყველაფერს გავაკეთებ, და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში არ იყოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა დასავლეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის აღქმაზე და აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებები ხშირად დაგვიანებით ხდება.

„სულ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის ელჩმა ერთგვარად გვახარა, რომ დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ახლა და ოკუპირებულად მოიხსენიებს ჩვენს ორ რეგიონს. ახლა დავინახეთ? ახლა დაინახა ვინმემ, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია? რაზე ვსაუბრობთ, რომელ შეცდომებზე ვსაუბრობთ?“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკის შეფასებისას, მნიშვნელოვანია რეალისტური მიდგომა და არა მოვლენების რომანტიზება.

„თუ მაშინ შეცდა დასავლეთი, რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ახლა არ ცდება რაღაც შეფასებებში და რაღაცის კეთებაში? სწორედ ამაშია საქმე. ალბათ უნდა შევეშვათ რაღაცების რომანტიზებას. ერთადერთი რაღაცის რომანტიზება უნდა მოვახდინოთ – ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია, რომელსაც აქვს თავისი განმარტება და ეს პირველ რიგში უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები