მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერი არ არის – ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ

„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გარემოსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, ეს ჩვენი ოპოზიციისთვის უცხო სიტყვებია, ძალიან რთულია ამ სიტყვების გაგება და იმ აზრის გაგება, რაც უკავშირდება სწორედ ამ სიტყვებს. უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენი ქვეყნისთვის არ არის უცხო, რა მოცემულობაშიც ჩვენ ვართ, ეს ახალი არ არის. ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები რა თქმა უნდა განსაზღვრულია. ამას თქმაც არ სჭირდება, ეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და აღნიშნა, რომ თავად ევროკავშირში არ არის ერთსულოვნება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით.

„თქვენ თუ ნახეთ ევროკომისიის ანგარიშში შეფასებული არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკური რეფორმები, ის შედეგები რაც ქვეყანას აქვს? რატომ არ არის შეფასებული, თუ ვინმეს გაგიჩნდათ ეს კითხვა? უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ყველაზე კარგად ასახავს ქვეყნის სწორ პოლიტიკას, ყველაზე კარგად ასახავს იმ შედეგებს, რა შედეგებიც აქვს ქვეყანას და ყველაზე მეტად უკავშირდება სწორედ იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ – ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს და ამისთვის ძლიერი ეკონომიკური საფუძველია აუცილებელი.

„რატომ არ არის ერთსულოვნება თუნდაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით, ეს ხომ კომპლექსური საკითხია. ჩვენ როგორ ვემზადებით წევრობისთვის? წევრობისთვის ვერაფრით ვერ მოვემზადებით დანგრეული ეკონომიკით, ვერაფრით ვერ მოვემზადებით ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მივიდოდით რომ არ მივყოლოდით იმ გზას, რა გზასაც ქართული ოცნება ახორციელებს“, – განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს ადგილზე.

„ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ის, რაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერი არ არის. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ. ჩვენ ვართ არა მარტო ნაწილი, არამედ ჩვენ ძალიან სერიოზული წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, იმ ფასეულობებში ზუსტად, რა ფასეულობებზედაც დგას დღევანდელი ევროკავშირი და ეს ფასეულობები საბოლოო ჯამში მივა ქრისტიანობასთან, ქრისტიანულ ფასეულობებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა მთელი ისტორიის მანძილზე და მთელი არსებობის მანძილზე იცავდა და იყო ზუსტად აი, იმ კართან, სადაც ხდებოდა პირველი დარტყმის მოგერიება და დღესაც იქ ვდგავართ სხვათაშორის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები