ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების ექსელენს ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, თბილისში 1 200 სტუდენტზე გათვლილი, ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულების ექსელენს ცენტრი შენდება.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
“სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხარდაჭერაზე ისაუბრა და თბილისში თანამედროვე სტანდარტების ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულების ახალი ჰაბის დაარსების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, ექსელენს ცენტრი არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ცოდნის გაზიარებაში, მასწავლებელთა გადამზადებაში, სასწავლო რესურსების შემუშავებასა და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვაში დაეხმარება. ასევე, უზრუნველყოფს კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას.
მასშტაბური პროექტი, რომელიც 15 930 კვადრატულ მეტრზე სასწავლო კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით, პროფესიული განათლების პროგრამის – „TVET Program I“-ის ფარგლებში ხორციელდება.
ექსელენს ცენტრის დაფუძნების მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის, პრაქტიკული და სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდებაა, აგრეთვე, კერძო სექტორთან პარტნიორობის გაძლიერება და სამშენებლო და ლოგისტიკის მიმართულებით ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა, რაც შრომის ბაზარს კვალიფიციური სამუშაო ძალით უზრუნველყოფს.
ექსელენს ცენტრი განახორციელებს როგორც სადიპლომო, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს”, – წერია ინფორმაციაში.