გივი მიქანაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების გაფართოების საკითხს და ქართული მხარის მიერ უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას. ასევე, სამედიცინო კუთხით პარტნიორობის გაძლიერებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.