არჩილ გორდულაძე – ოპოზიციაზე: ჩვენ ოპონენტები არ გვყავს – ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან

“ჩვენ ოპონენტები არ გვყავს – ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მიზანია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ უცხო ქვეყნების ინეტერესების გამტარებლები.

„უნდათ, რომ ისევ გარე ძალების მორჩილ ქვეყნად გადაიქცეს, როგორც ეს იყო 2003-2012 წლებში, რასაც ვერ ეღირსებიან. რაც შეეხება ასეთ შერწყმებს, თუ ერთმანეთისგან მოშორებებს, ეს კარგად ნანახი შოუა, რომელსაც დგამენ დიდი ძალაუფლების მქონე ძალები, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ. ახლა ვისი გაერთიანებაც მოხდა, რეალურად ეს ადამიანები ისედაც გაერთიანებულები არიან ერთი იდეის გარშემო და ეს იდეა არის სხვის დაკრულზე ცეკვა, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წინაშე დაჩოქება, მათი დავალებების მიღება და ამ დავალებების ასრულების მცდელობა. თითოეული მათგანი ნაცმოძრაობის წევრი იყო სხვადასხვა დროს, ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი იყო. ეს არის ერთი დაჯგუფება, საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებული და მათ პატრონებს აქვთ ერთი გეგმა – როგორმე ჩამორეცხონ მოღალატეობრივი უდიდესი ტვირთი და დანაშაული, რომელიც აქვს გახარიას, ლელოს და ნაცგაერთიანებას და ცდილობენ, რომ ერთ მხარეს ეს ახალი გაერთიანება დააყენონ, ხოლო მეორე მხარეს, გახარიელები და ლელო, თითქოს ისინი ნაცები არ არიან, რადგან კარგად იციან რომ ნაცმოძრაობა საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა და ცდილობენ, როგორმე ამ კავშირისგან გააცალკეონ ვიზუალურად და არა შინაარსობრივად. ამიტომაც არის რომ ლელო და გახარიელი ნაცები ამ ერთობას არ მიუერთდნენ. რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული თითოეული ასეთი ნაბიჯი, რადგან კოლექტიური ნაცმოძრაობის, ამ აგენტების დაჯგუფების რეალური მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ყურმოჭრილი და სხვაზე დამოკიდებული პირები. ერთი წამით დავფიქრდეთ, ეს პირები რომ ახლა საქართველოს ხელმძღვანელობდნენ, რამდენჯერ გადაჩეხდნენ ომის უფსკრულში, რამდენჯერ გაწირავდნენ საქართველოს მოსახლეობას იმ სისხლის კალოსთვის, რომელიც სამწუხაროდ ტრიალებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები