პიმენ ყურაშვილი: მწარე სიმართლე ბრიტანეთის ელჩისთვის – ბრიტანული სანქციები არაფერს ნიშნავს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქართული მაუწყებლების მხარდამჭერების კონსოლიდაციას და ვინც დღეს ბედნიერია, კვლავ წააგებს!
ორი ქართული საეთერო ტელევიზიის არხი დასანქცირდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ, თითქოსდა პრორუსული და ანტი-უკრაინული პროპაგანდის გამო, რაც იწვევს უკრაინის პოზიციების შესუსტებას. ეს სუფთა ნონსენსია და მხოლოდ სულელებისთვის მუშაობს, – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, საზოგადოება „ქართულის” წევრი, პიმენ ყურაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.
ყურაშვილი აღნიშნავს, შეუძლებელი იქნებოდა, ტელევიზიებმა, რომლებიც მაუწყებლობენ ქართულ ენაზე და რომელზეც მხოლოდ ქართველები საუბრობენ, ვინმეს ზიანი მიაყენონ საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მისივე თქმით, ბრიტანული სანქციები კიდევ უფრო გააძლიერებს „იმედისა” და “პოსტივის” მაუწყებლების მხარდამჭერთა კონსოლიდაციას, ხოლო სანქციებით ვინც ბედნიერია, ის კვლავ წააგებს.
„ორი ქართული საეთერო ტელევიზიის არხი დასანქცირდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ, თითქოსდა პრორუსული და ანტი-უკრაინული პროპაგანდის გამო, რაც იწვევს უკრაინის პოზიციების შესუსტებას. ეს სუფთა ნონსენსია და მხოლოდ სულელებისთვის მუშაობს. დავუშვათ რომ ეს სიმართლე იყოს… შეუძლებელი იქნებოდა, რომ ტელევიზიებმა, რომლებიც თითქმის 100%-ით ქართულ ენაზე ავრცელებენ შინაარსს — ენაზე, რომელსაც მხოლოდ ქართველები საუბრობენ — ვინმეს ზიანი მიაყენონ საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირიქით, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ამ ტელეარხებიდან ვინმე მხარს უჭერს რუსეთს.
ახლა კი, მწარე სიმართლე ბრიტანეთის ელჩისთვის საქართველოში და მისი წარმომადგენელი მთავრობისთვის… ყველამ იცის, რომ სინამდვილეში სწორედ ცნობილმა ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ განზრახ შეცვალა (დაარედაქტირა) პრეზიდენტ ტრამპის 6 იანვრის სიტყვა, რის გამოც BBC-ის დირექტორს და საინფორმაციო დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს 2025 წლის ნოემბერში გადადგომა მოუწიათ. ამიტომ ბრიტანული სანქციები არაფერს ნიშნავს. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქართული მაუწყებლების მხარდამჭერების კონსოლიდაციას.
და ვინც დღეს ბედნიერია, კვლავ წააგებს!”, – აცხადებს პიმენ ყურაშვილი.