„პრეზიდენტი პასუხისმგებელი არ არის იმ კითხვებზე, რაც შეიძლება მთავრობის მიმართ იყოს“
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შინაარსი და ღონისძიების ფორმატი განსხვავებული იქნება. ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა გუშინ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო საკითხები დააზუსტეს. “კონსტიტუციურმა მოდელმა, რომელიც ძალაში 2013 წლის ნოემბერში შევიდა, სხვაგვარად გადაანაწილა უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ასევე პარლამენტთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსხვავებული იქნება როგორც პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი, ისე თავად ღონისძიების ფორმატი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების – მთავრობის ხელმძღვანელი არ არის და, შესაბამისად, არც პასუხისმგებელია იმ კონკრეტულ წარმატებებზე თუ კითხვებზე, რაც შეიძლება მთავრობის მიმართ იყოს. “უწინ პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრეზიდენტი სტუმრობდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა მინისტრის საქმიანობაზე. მისი მოხსენება, ბუნებრივია, უნდა შეხებოდა ყველა იმ საკითხს, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება აგვარებს. წელს საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდება, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების – მთავრობის ხელმძღვანელი არ არის და, შესაბამისად, არც პასუხისმგებელია იმ კონკრეტულ წარმატებებზე თუ კითხვებზე, რაც შეიძლება მთავრობის მიმართ იყოს. ეს ყველას – პარლამენტსაც და პრეზიდენტსაც ახალ გარემოებაში გვაყენებს”, – განაცხადა უსუფაშვილმა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 21 თებერვალს წარდგება.