ირაკლი კობახიძე: ევროპისა და ბრიტანეთის ქმედება არ არის შედეგზე გათვლილი, გათვლილია მარტო იმაზე, რომ იქნებ ცოტათი მაინც გამოაცოცხლონ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიცია

“ევროპისა და ბრიტანეთის ქმედება არ არის შედეგზე გათვლილი, გათვლილია მარტო იმაზე, რომ იქნებ ცოტათი მაინც გამოაცოცხლონ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიცია, “- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი შეაფასა, რომელშიც ის წერს, რომ „ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება“.

კობახიძის თქმით, როგორც ბრიტანეთის, ასევე ევროკავშირის ბიუროკრატიაში არის პრობლემები და მათი ქმედებები ერთმანეთთან არის კავშირში.

„ევროკომისიის წერილიც პირდაპირ არის დაკავშირებული ბრიტანულ გადაწყვეტილებასთან. პირდაპირ ჩანს მარტივი კოორდინაცია. აქაც პირდაპირ ჩანს გარე ჩარევა. თვითონ ევროკავშირის ბიუროკრატიაშიც არის იგივე პრობლემები, რაც ბრიტანულ ბიუროკრატიაში. გადაწყვიტეს რა, რომ საქართველოში ხედავენ ცოცხალ-მკვდარ ოპოზიციას, პრაქტიკულად მაჯის ცემა არ ესინჯება საქართველოში ოპოზიციას და ასეთ დროს კოორდინირებულად გადაწყვიტეს რაღაცები გადმოუგდონ გამოსაცოცხლებლად ამ ოპოზიციას. ამას ემსახურება ეს სანქციებიც. საერთოდ არ არის შედეგზე გათვლილი, გათვლილია მარტო იმაზე, რომ იქნებ ცოტათი მაინც გამოაცოცხლონ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიცია და იმავეს ემსახურება ევროკომისიის პრეზიდენტის ეს განცხადებაც, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მზადაა განაგრძოს ვალდებულებების შესრულება, რაც პირველ რიგში ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარეობს. მისი განმარტებით, თუ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, მაშინ ქართულ-ევროპული ურთიერთობების კუთხით ყველაფერი სათანადოდ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები