პრემიერი: ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა
ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ლოგიკურია, რომ ისინი მხოლოდ უცხოელი პატრონებისგან ელიან შველას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ არათუ ძალიან უჭირთ, არამედ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე არიან.
„ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. უკვე ყველასათვის აშკარაა და ამას არც თავად მალავენ, რომ ამ უსამშობლო ადამიანებისთვის არათუ სამშობლო, რომელიც ბევრად უფრო აღმატებული და ემოციური ცნებაა, არამედ სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობაც კი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში, მათ აქვთ ერთადერთი მოტივაცია – მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს, რომელთა უპირობოდ შესრულება მათი ერთადერთი მოვალეობაა.
ლოგიკურია, რომ ისინი მხოლოდ უცხოელი პატრონებისგან ელიან შველას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ არათუ ძალიან უჭირთ, არამედ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე არიან. ამ ადამიანებისთვის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი პატრონების მხარდაჭერაა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ კი, უტყუარად გვასწავლა, რომ ყველა პასპორტით ქართველმა, რომელიც ამ ქვეყანაში უცხო ძალების მხარდაჭერით და მითითებებით შემოვიდა და მოქმედებდა, მხოლოდ ქაოსი, ნგრევა და მონობა მოიტანა“, – აღნიშნა კობახიძემ.