ზურაბ ქადაგიძე: მედია საშუალებების დასანქცირების მთავარი მიზეზი საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკის სტატუსკვოს ჩამოშლა, შიდა დესტაბილიზაცია და რუსეთთან კონფრონტაციული პროცესებია

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა” და „პოსტივის” დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, „იმედისა” და „პოსტივის” დასანქცირებით დიდ ბრიტანეთს აქვს მცდელობა, მსოფლიოს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი თავზე გადაახიოს.

„დიდმა ბრიტანეთმა „იმედისა” და პოსტივის” დასანქცირებით დაარღვია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მუხლების მთელი რიგი, მაგალითისთვის მოვიყვან, მხოლოდ მეექვსე მუხლს, სადაც წერია „პირის ან ორგანიზაციის სანქცია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან, გამჭვირვალე და გასაჩივრებად პროცედურას.” მედიის დასანქცირება მოსმენის და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე კი არღვევს ამ მუხლს. შეიძლება ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს მცდელობა, მსოფლიოს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი თავზე გადაახიოს. ამის გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთი ომის მომხრეა, ჰყავს განულებული რეიტინგის მქონე ლიდერები და სამეფო სახლის ერთ-ერთი წევრი კომპრომეტირებულია. ასეთმა ქვეყანამ კი დაასანქცირა საქართველოში რეიტინგით ყველაზე ძლიერი მედია საშუალებები. მათი ეს ქმედება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ჩადენილ აქტად უნდა შეფასდეს. მედია საშუალებების დასანქცირების მთავარი მიზეზი კი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკის სტატუსკვოა, რომლის ჩამოშლის და რამენაირად პროცესში შემობრუნების სურვილი აქვთ. რის შემდეგაც მოხდება შიდა დესტაბილიზაცია, რომელიც დიდი ალბათობით, კონფრონტაციულ პროცესებში გადაიზრდება ოკუპანტ მეზობელთან და შესაბამისად გაიხსნება ის მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან სურდათ,” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები