ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი, რითაც მოსახლეობას მუდმივად აშანტაჟებენ, ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი, რითაც მოსახლეობას მუდმივად აშანტაჟებენ, ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” ურსულა ფონ დერ ლაიენის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატები არ იცნობენ საქართველოს და არ ესმით რისთვის იბრძვის რეალურად ქვეყანა.

„პირდაპირი ტექსტით გეუბნებიან, რომ თქვენი თავმოყვარეობა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ თქვენი სუვერენიტეტი და თქვენი დემოკრატია დაიცვათ. არ მგონია კარგად იცნობდნენ საქართველოს, რა ისტორია აქვს და რისთვის ვიბრძვით. მათ ვერ წარმოუდგენიათ ის, რომ როდესაც კომუნიზმის ეპოქა იყო, საქართველო იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ავანგარდი. დღეს ეს ხალხი გვეუბნება ჩვენ, რომ თქვენ თუ არ იქნებით მორჩილ მდგომარეობაში, მაშინ უვიზო რეჟიმს გავაუქმებთ. ერთი რამეც არის, ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ დამოკიდებულების პირველი სინდრომი გაჩნდა, როცა 2017 წელს ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული, სადაც ორი რამ ჩაიწერა, რაც მათთვის იყო სიგნალი – სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელზე არ გაიყიდება და ოჯახის ცნება. ეს იყო პირველი სიგნალი, რითაც გადაწყვიტეს, რომ ამ ქვეყანას მათი გაგებით რაღაც უნდა უშველონ. პირველი ღია შემოტევა განახორციელეს 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც რბილი ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია, სიყალბის შემქმნელად გამოვიდა. ყველაზე სამწუხარო რა არის იცით? იმ იდეას, რომელიც საქართველოს ევროპასთან დაბრუნებით იყო განმსჭვალული, თვითონ ევროპა აზიანებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები