ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს მხრიდან სანქციის დაწესებას მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები – ცხინვალის რეგიონი მაშინვე იქნებოდა შეერთებული რუსეთის ფედერაციას, ანალოგიური მოხდებოდა აფხაზეთშიც

ევროკავშირის ელჩმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დავზიანდით ამ სანქციების გამო და თქვენც ანალოგიური გზა უნდა გაიაროთ, ანუ თქვენც უნდა დაზიანებულიყავით ამ სანქციებით, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკურად არ იქნებოდა დამანგრეველი, რუსეთი მიიღებდა უმძიმეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

„ერთია, რომ თქვა ადამიანმა, რომ გავიჭირვებ და ეკონომიკაც დამიზიანდეს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა წარმოვიდგინოთ, ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მხოლოდ ეკონომიკასთან გვაქვს აქ საქმე, საქართველოს მხრიდან პირდაპირი სანქციის დაწესება რუსეთის წინააღმდეგ ეს არა მარტო უმძიმეს ეკონომიკურ სურათს დაგვიხატავდა, ამას მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. კერძოდ, ცხინვალის რეგიონი, მათი გაგებით „სამხრეთ ოსეთი“ მაშინვე იქნებოდა შეერთებული რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ანალოგიური მოხდებოდა აფხაზეთთან მიმართებაში. სულ მცირე სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრად გახდიდნენ. ანუ საქართველოს ფაქტობრივად ეცლებოდა მცირედი შანსიც კი, რომელიც დღეს არსებობს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, შეუძლებელია ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებს, ვინც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არ სცოდნოდათ თუ რა საფრთხის შემცველი იქნებოდა საქართველოსთვის ეს ნაბიჯი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები