“ბაჩიაშვილმა დანაშაული აღიარა, რადგან დანაშაული რეალურად ჩაიდინა და მისი დანაშაულებრივი საქმიანობა კონკრეტულ ქმედებებშიც აისახა” – ვოლსკი
“საფუძვლიანი ეჭვია, რომ ბაჩიაშვილი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობას იმიტომ აფინანსებდა, რომ პასუხისმგებლობისგან თავი აერიდებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ბაჩიაშვილმა დანაშაული აღიარა, რადგან დანაშაული რეალურად ჩაიდინა და “მისი დანაშაულებრივი საქმიანობა კონკრეტულ ქმედებებშიც აისახა”.
“საფუძვლიანი ეჭვია, რომ ბაჩიაშვილი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობას, რადიკალიზმს და ექსტრემიზმს სწორედ იმიტომ აფინანსებდა, რომ როგორმე, პასუხისმგებლობისგან თავი აერიდებინა, რომელიც აუცილებლად დაეკისრებოდა. საქართველოში პოლიტიკა არსებობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც თუნდაც მძიმე ზარალს აანაზღაურებს და დანაშაულს აღიარებს, კანონი მის მიმართ იქნება შეღავათიანი.
ბაჩიაშვილი არათუ პოლიტიკურ პატიმრად იყო აღიარებული, არამედ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში ამ საკითხის მიტანით ემუქრებოდნენ. ამას პერსპექტივა არ ჰქონდა და ეს ყველაფერი თავად ბაჩიაშვილმა დაინახა. ის უგონო ადამიანი არ არის, საკმაოდ გონიერია და მიხვდა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ მან უარი უნდა თქვას წამებულისა და პოლიტიკური მოტივით დაჭერილის როლზე. რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა უჭერდე მხარს, ჯერ თვალი უნდა გაახილო და უნდა დაინახო, რომ პოლიტიკური პატიმარი ბაჩიაშვილი არც ყოფილა და ვერც გახდებოდა პერსპექტივაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.