“ჩვენ რუსებს მხოლოდ ჟენევაში ვხვდებით, ეუთოს, ევროკავშირისა და აშშ-ის თანდასწრებით, რომ განვიხილოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სამხარაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ მოითმენს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს.
“მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა ამ დარბაზში, რომელსაც ბოლო 18 წელია, რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ასევე 2008 წლის შემდეგ არ გვქონია ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.
ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მათ ვხვდებით. ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა. უახლოეს წარსულში ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე მოვიგეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ასევე, ცოტა ხნის წინ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელით, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. ვფიქრობ, საღი აზრია, რომ თუ ქვეყანა, ახლო ურთიერთობაშია მეორე ქვეყანასთან, მას საერთაშორისო სასამართლოებში არ უჩივის. შესაბამისად, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან“, – განაცხადა სამხარაძემ.