აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მოაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირებისთვის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრი სამედიცინო პერსონალს პირადად შეხვდა და მათ სამუშაო პროცესს გაეცნო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და ფინანსური დირექტორი სოფიო დათუაშვილი ესწრებოდნენ.