„აფხაზეთს ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ, რომელიც მოსკოვთან ხელშეკრულებას გადაწონის“

„აფხაზეთის მოსახლეობისთვის ავტონომიის შეთავაზება და მისთვის ახალი ინიციატივის დარქმევა ისტორიის უცოდინარობა და არაადეკვატური რეაქციაა“ – აღნიშნული შეფასება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნინო კალანდაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, აფხაზეთს ჯერ კიდევ 2007 წელს ჰქონდა შეთავაზებული ფართო ავტონომია.
„აფხაზეთი ისედაც არის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ფარგლებში. ამაზე კონსტიტუციური ჩანაწერიც არსებობს. ამის დამოუკიდებლად კი საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთს არაერთხელ შესათავაზა ფართო ავტონომია. ჯერ კიდევ 2007-ში იმდენად ფართო ავტონომია შესთავაზეს, რომელსაც ფედერაციული მოწყობის ქვეყნებიც კი არ იცნობენ. მაგალითად, შეთავაზებაში შედიოდა აფხაზური წარმომადგენლობა ყველა სამთავრობო სტრუქტურაში, ასევე, ვეტოს უფლება აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით და სხვა“, – აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მოსახლეობას ისეთი რამ უნდა შესთავაზოს, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას გადაწონის: „აფხაზებმა თავად იციან, რომ მათ სხვა გამოსავალი შეძლება არც ჰქონდეთ და ამ ხელშეკრულებაზე დათანხმება მოუწიოთ. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მთლიანად გადაწონოს აფხაზეთ – რუსეთის თანამშრომლობის ხელშეკრულების არსი, მათ ისეთი რამ უნდა შესთავაზონ, რაც მათ ალტერნატიულზე ფიქრის განცდას გაუჩენს. რაც შეეხება თავად ხელშეკრულების დოკუმენტს, იქ რაც არ უნდა ჩაიწეროს, ეს იქნება რესეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობა, რაც მისი გეგმაა. ეს არის მისი ინტერესი და ხელსაყრელი მომენტი თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთის ყურადღება გადატანილია უკრაინაზე. ამ ეტაპზე აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენი ერთადერთი გამოსავალი, პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, ძალიან მკაცრი და კონსოლიდირებული პოზიციის დაფიქსირებაა. უნდა დავაფიქსიროთ, რომ ამ საკითხში საზოგადოება ერთსულოვანია.“
კითხვაზე, კონსოლიდირებული პოზიციის დაფიქსირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბრის დაანონსებულ აქციას ხომ არ გულისხმობთ, კალანდაძემ ასე უპასუხა: „ამაში არა მხოლოდ 15 ნოემბრის აქცია იგულისხმება, არამედ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები. განცხადებებს, რომელსაც ხელსუფლების წარმომადგენლები აკეთებენ, აქვს იურიდიული დატვირთვა. ეს არის პირდაპირი გზავნილი ოფიციალური თბილისიდან. შესაბამისად, მათ განცხადებებში აფხაზეთთან დაკავშირებით დაფიქსირებული უნდა იყოს მკაფიო პოზიცია. მაქსიმალურად ფრთხილი უნდა ვიყოთ გამონათქვამებში, ეჭვიც კი არ უნდა გაჩნდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ორაზროვნება არსებობს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები