გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლსა და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით უმნიშვნელოვანეს კვანძად აქცევს და ვერანაირი ახალი გზის ან მიმართულების გაჩენა საქართველოს პოტენციალს ამ კუთხით ვერ შეასუსტებს.
„ამის რისკს ნამდვილად ვერ ვხედავ და არ არსებულია ჩვენ ამ შიშებით ვიყოთ, ვინმემ შეგვაშინოს, რომ საქართველო გაქრება რუკიდან. საქართველო არ გაქრება რუკიდან ნამდვილად. უბრალოდ, იმ ხალხის კომპეტენციასთან დაკავშირებით შესაძლოა დასვა კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს საუბრობს დაკავშირებადობაზე და არ ახსენებს მთავარ რგოლს ევროპისთვის – საქართველოს. ან, არ ახსენებს კი არა, ერჩის მას და პირიქით, ცდილობს რომ რაღაცნაირად დააზიანოს ეს გზა მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი გზების მშენებლობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი აქტივია.
„რაც არ უნდა ვისაუბროთ, არის დღეს ინტენსიურად საუბარი აზერბაიჯანი-სომხეთის გზით ახალი გზების მშენებლობაზე, რომელზეც თამამად შეგვიძლია მშვიდად და წყნარად ვთქვათ, რომ კარგია რეგიონისთვის. ეს თუ განვითარდება და თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება. ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არა მცირდება. კიდევ სამი-ოთხი მარშრუტი რომ დაემატოს მას, მაინც საკმარისი არ იქნება ალბათ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც ტვირთბრუნვაზეა საუბარი“, – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის შეფასებით, არის გარკვეული მცდელობები, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის დაკნინებას ემსახურება, თუმცა რეალობა არის ის, რომ ახალი მიმართულებების გაჩენის მიუხედავად, საქართველო თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე უცვლელად ინარჩუნებს.
„აქედან გამომდინარე, ესეც თუ როგორ ცდილობენ ზოგიერთები გამოიყენონ აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებაში და წარმოაჩინონ, ან თითქოს ორაზროვანი კითხვები დასვან, აი თქვენ როგორ უყურებთ, კარგად ვუყურებთ ამას ყველაფერს, გვიხარია, მოგვწონს და არ ვუყურებთ ამას როგორც კონკურენტ გზას საქართველოზე გამავალი გზის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.