მაკა ბოჭორიშვილი: იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და იმ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, საფრთხეს უქმნის სუვერენული სახელმწიფოს უფლებების განხორციელებას.
მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც სამართლებრივი რეკომენდაციებს უნდა გასცემდნენ, ხშირად პოლიტიკური ინსტრუმენტების ფუნქციას იძენენ:
„ჩვენ ვთქვით, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, ნაცვლად სამართლებრივი რეკომენდაციებისა კანონებთან დაკავშირებით. ჩვენს ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ: კანონზე ექსპერტიზა გადაიზარდა იმაში, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა, და მოდით, გამოვცვალოთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ანალოგიური პრობლემა მკაფიოდ ჩანს ევროპის საბჭოსა და ეუთოს ინსტიტუტების საქმიანობაშიც:
„ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები ევროპის საბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაში, როგორ ხდება ევროპის საბჭოს ინსტიტუტების გამოყენება. სხვათაშორის, ეუთოს მინისტერიალზე, როდესაც იყო დეკემბერში, ვენაში, მე მაშინ ვთქვი ძალიან ხაზგასმით, რომ ხდება ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იმისათვის, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში მოხდეს ჩარევა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის პრინციპების დაცვის მნიშვნელობა.
„რა მოგვწონს ევროკავშირში, რით განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირისგან ევროკავშირი? იმით, რომ ეს იყო სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი საშინაო საქმეები. დღეს ჩვენ რას ვხედავთ, ანუ გლობალიზაცია როგორ იქნა გაგებული: რომ შეიქმნა რაღაც ორგანოები, რომლებიც წყვეტენ, რა უნდა იყოს, შენს ქვეყანაში. იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა. ყველაფერი გამოიყენეს იმისათვის, რომ თავზე მოგახვიონ ის წესები, რა წესებიც თავში მოუვიდათ რომელიღაც კაბინეტში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა
მინისტრის შეფასებით, პოლიტიკურ დიალოგი ხშირად სხვა არაფერია თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით შექმნილი ხელოვნური პროცესი.
„პოლიტიკური დიალოგი – რაღაც ხელოვნური პროცესი, რომელიც წამოიწყეს, შარლ მიშელის შეთანხმება და შეთანხმება, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა არც ერთ პოლიტიკური ძალის ინტერესთან. არც ერთს არ აინტერესებდა, გენერალური პროკურორი როგორ იქნებოდა არჩეული იმ დროს, როდესაც ვითომდა კრიზისი გვქონდა ქვეყანაში თუ როგორ შემოგეყვანა პარლამენტში არჩეული პარლამენტის წევრები. ასეთ დონეზე დავიდა საერთაშორისო ორგანიზაციების როლი: რომ შექმნან ასეთი ხელოვნური პროცესები, რომ მერე ვითომ დააწყნარონ“, – აღნიშნა მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“.