მაკა ბოჭორიშვილი – ევრობიუროკრატიაზე: ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით
ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით. ის რომ დღეს შეიძლება მიკროფონით სდიო ადამიანებს, აბა თქვით პუტინი არის თუ არა ტერორისტი, არის თუ არა საერთაშორისო კრიმინალი და მეორე დღეს დაჯდე და თამამად თქვა, რომ მე რუსეთს უნდა ვესაუბრო, სხვა გამოსავალი არ არის, ამ დროს შენი სანდოობა და სახე ზიანდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” რუსეთთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ცვალებადი პოზიციებით ევრობიუროკრატები საკუთარ თავს ერჩიან.
„საბჭოთა კავშირის დროს არ მოვქცეულვართ რუსეთის გავლენის ქვეშ და რა მოხდა ახლა 2022 წელს ისეთი საქართველოში, რომ უცებ გახდა მთელი საქართველო ასეთი რუსული თუ პრორუსული? ხომ წარმოუდგენელია, ეს ხომ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები და მიზეზები იყო, რის საფუძველზეც დააზიანეს ეს ურთიერთობები. არ არსებულის მოგონება ყოველთვის შეიძლება, აქედან გამომდინარე არარსებული თუ შეიცვლება ესეც არ მგონია, რომ დიდად განმსაზღვრელი იქნება საქართველოსთან ურთიერთობების გადალაგებისთვის და არც იმას არავინ იტყვის, რა ტყუილად გავბრაზებულვართ ამ ხალხზე და მიზეზი არ გვქონიაო“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე წლის ბოლომდე სავარაუდოდ ბევრი რამ შეიცვლება.
„ეს დამოკიდებული იქნება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები, თუ როგორი იქნება სამშვიდობო გეგმა, თუ იქნა ეს მიღწეული და როგორი იქნება კონტურები ახალი ევროპული უსაფრთხოების, რაც ნაკლებად იწერება ევროპაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.