ირაკლი კობახიძე – გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში, ვფიქრობთ, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება

დაახლოებით 20 ათასი პირი იმყოფება საქართველოში არალეგალურად, თუმცა ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად, ეს მაჩვენებელი დაზუსტდება, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები შევა საერთო სურათში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს შესაბამისი მონაცემთა ბაზები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო.

„ეს იყო ცვლილებები კანონში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები. გარდა ამისა, გამკაცრდა საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები და გამკაცრების საშუალებაც მოგვცა შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. ჩვენ 2025 წელს, გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ანუ გადავასწარით გასული 10 წლის სტატისტიკას, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, მივაღწევთ 4 ათასიან ნიშნულს, შესაბამისად, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს სავსებით რეალურია იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა გაძევებული არალეგალი მიგრანტების მოქალაქეობის სტატისტიკაზე.

„გაძევებულ პირთა 20,5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12,9% – თურქეთის მოქალაქეები, 12% – ირანის მოქალაქეები, 7,5% – ჩინეთის მოქალაქეები, 5,6% – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები