აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
შეთანხმებას ხელი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს.
„ეს შეთანხმება გახსნის ახალ თავს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებაში და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ასევე, მადლიერება გამოვხატე შეერთებული შტატების მიერ სომხეთისთვის ბირთვული უსაფრთხოების სფეროში გაწეული დიდი ხნის მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოვთქვი, კიდევ უფრო განვავითაროთ სექტორული თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას წინ უძღოდა ფაშინიანსა და ვენსს შორის პირისპირ შეხვედრა.