ვატიკანი „მღვდელმსახური-ფლეიბოების“ სკანდალს იძიებს
გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, რომ ვატიკანის წარმომადგენელი იტალიის ოლქის ლიგურიის ტერიტორიაზე არსებულ ალბენგი-იმპერიის ეპარქიას ეწვია, რათა ადგილობრივი მღვდელმსახურების წინააღმდეგ წაყენებული სექსუალური ძალადობის და პორნოგრაფიული გადაღებების ფაქტები გამოიძიოს. გარდა ამისა, სასულიერო პირებს შემოწირულობების მოპარვა და ტატუების გაკეთებაც ბრალდებათ.
რაც შეეხება ალბენგი-იმპერიის ეპისკოპოსს, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, მის მიმართ ბრალდებები არ არსებობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კრიმინალური წარსულის მქონე, წარსულში შეუფერებელი საქციელისთვის სემინარიიდან გაგდებული ღვთიმსახურების მიმართ ზედმეტად შემწყნარებელია.
ზემოთ ხსენებული გამოძიების საქმეში ფიგურირებს მღვდელმსახური, რომელიც არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ორგანიზებაშია ბრალდებული, რომლის მსხვერპლთა შიშველი ფოტოებიც შემდეგ ფეისბუქსა და გეი-ვებგვერდებზე ხვდებოდა. გარდა ამისა, ეპარქიის ღვთიმსახურებს მრევლზე სექსუალური ძალადობა და შემოწირულობათა ქურდობაც ბრალდებათ. მაგალითისთვის: მამა ლუჩიანო მასაფეროს რვა წლით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ეკლესიაში ალტართან მოღვაწე მოზარდზე სექსუალური ძალადობა დაუმტკიცდა.
მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლუიზა ბონელომ თებერვალში ყველაფერი პაპს მისწერა. სექტემბერში კი იგივე პიროვნებამ თავი მოიკლა. ვატიკანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვატიკანის ეკლესია მიმდინარე გამოძიების თაობაზე კომენტარს არ გააკეთებს: „ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს ამ კითხვებზე. ისინი კონფიდენციალურია. გამოძიების დასასრულს, თუკი რაიმე ზომები იქნება მიღებული, ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ“.
არჩევის მომენტიდან, ანუ 2013 წლის მარტიდან პაპმა ფრანცისკმა ყველას უჩვენა, რომ ის ეკლესიაში კანონდამრღვევებს, თუნდაც მაღალი რანგის წარმომადგენლებს ვერ აიტანდა.
ამა წლის მარტში არგენტინელმა პონტიფიკოსმა გერმანიაში ლიმბურგის არქიერს პოსტი დაატოვებინა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ ეპისკოპოსმა ეკლესიის კუთვნილი 31 მილიონი ევრო ლიმბურგში საკუთარი რეზიდენციის მოსაწყობად დახარჯა. შედეგად მის უმდიდრეს რეზიდენციაში შეხვდებოდით 15 ათასი ევროს ღირებულების აბაზანას, 25 ათას ევროდ ღირებულ საკონფერენციო მაგიდას და საკუთარ სამრეკლოს, რომლის აგებაზეც მთელი სამი მილიონი ევრო დაიხარჯა.
პაპის პოლიტიკას „შეეწირა“ არქიეპისკოპოსი იოზეფ ვესოლოვსკიც, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში ვატიკანის ნუნცია (რომის პაპის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენელი) გახლდათ. არქიერი ვესოლოვსკი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ბოროტმოქმედებებსა და საბავშვო პორნოგრაფიის ქსელის ფლობაში დაადანაშაულეს. ამჟამად ვესოლოვსკი სისხლის სამართლის განაჩენის მოლოდინში შინა პატიმრობაში იმყოფება. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.