ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებას დე ფაქტო აფხაზეთიც უარით პასუხობს

აფხაზეთი მყარად დადგა დამოუკიდებელი განვითარების გზაზე და მომავალშიც საქციელის საკუთარ ხაზს შექმნის, რომელიც არ იქნება ქართული ხელისუფლების საძმო და სამეგობრო წინადადებებზე მიბმული, – ასე პასუხობს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აფხაზ და ოს ხალხს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო რეალობას ადეკვატურად ვერ აღიქვამს.
„ბატონ ღარიბაშვილის განცხადება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ერთიანი და ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში შენარჩუნების შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული რეალობის ადეკვატური აღქმის არ არსებობას და რეგიონში რეალური სიტუაციის იგნორირებას“, – ნათქვამია დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც დე ფაქტო აფხაზეთში ფიქრობენ, ქართველი სახელმწიფო მოხელეები კვლავ ქიმერული ინიციატივების წინ წამოწევის არაგულწრფელ ტაქტიკისკენ სწრაფვის დემონსტრირებას ახდენენ. ეს ინიციატივები, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებით, საქართველოს დასავლური პარტნიორების მყარ წრეზეა ორიენტირებული, რომლებისთვისაც ოფიციალური თბილისის ნებისმიერი განცხადება ბიბლიურ მცნებად იქცევა.
„განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს ქართველი პოლიტიკოსების არა მარტო აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების რეალური პროცესის დაჟინებული გაგრძელება, არამედ „კეთილშობილი ზრუნვა“ მშვიდობის და თანხმობის თავზე მოხვევა. საბედნიეროდ, აფხაზეთში სრულად ხვდებიან საქართველოს სამშვიდობო პროექტების ჭეშმარიტ დანიშნულების აზრს. აფხაზეთი მყარად დადგა დამოუკიდებელი განვითარების გზაზე და მომავალშიც საქციელის საკუთარ ხაზს შექმნის, რომელიც არ იქნება ქართული ხელისუფლების საძმო და სამეგობრო წინადადებებზე მიბმული“, – აღნიშნულია დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები