დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი: ავტონომიის შესახებ წინადადება არ გვაინტერესებს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  აფხაზ და ოს ხალხს  საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა. სანაკოევის განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი საქართველოს მთავრობის მეთაურის შეთავაზებას უარით პასუხობს.
„მთელ რეგიონში კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამშვიდობო ურთიერთობების დასამყარებლად საქართველო მზად არ არის. ის რევანშისტურ გეგმებს ამუშავებს, რასაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარიც ადასტურებს“, – განაცხადა სანაკოევმა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ „არ აინტერესებთ არაფრისმომცემი საუბრები“. სანაკოევმა ასევე აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთი უკვე 25 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოა და 6 წელია, რაც ამ დამოუკიდებლობის აღიარება მოიპოვა“.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია შესთავაზა.
“საქართველომ ბევრი რამ გამოიარა. ჩვენმა ომებმა მძიმე კვალი დატოვა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ჩვენ ტერიტორიაზე გამყოფი, საოკუპაციო ხაზები არსებობს. არსებობს სოფლები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები, გადატანილი უდიდესი სტრესისა და ტრავმის მიუხედავად, არ ტოვებენ და უმძიმეს პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას. ჩვენ მათ უყურადღებოდ არ ვტოვებთ – 39 სოფელში უკვე აღვადგინეთ სარწყავი წყლის მიწოდება, შეკეთებულია გზები, ავაშენეთ ამბულატორიები, გაზიფიცირებულია ყველა – 58 სოფელი. 50 სოფლის 11 000-ზე მეტმა ოჯახმა ზამთარში გათბობისთვის 200-ლარიანი დახმარება მიიღო. სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან არიან. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი მძიმე, დაძაბული შეიძლება იყოს მათი ცხოვრება. ამიტომ მინდა აქედან შევეხმიანო თითოეულ ოჯახს და მადლობა გადავუხადო გამძლეობისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ მიმართა აფხაზებსა და ოსებს.
“მინდა კიდევ ერთხელ შევეხმინო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ, ეს არის ჩვენი ტერიტორია, ერთი ტკივილი გვაერთიანებს და ერთად უნდა გავაგრძელოთ გზა მომავლისაკენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აფხაზური ენის დღე ჩვენს აფხაზ ძმებს, რომელსაც ისინი დღეს, 27 ოქტომბერს აღნიშნავენ. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ჩვენთან ერთად, მხოლოდ ევროპული პერსპექტივების მქონე საქართველოსთან ერთად შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები საკუთარი ენის, კულტურის შენარჩუნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, ჩვენი ხედვა, ჩვენ როგორც ვუყურებთ. ჩვენ, მართლაც, გვსურს, რომ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. მე მინდა მათ კიდევ ერთხელ კარგად გააცნობიერონ, იფიქრონ მათ შვილებზე, მომავალ თაობაზე, როგორ ხედავენ ისინი პერპექტივას, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს გარეშე მათ ცხოვრება, განვითარება, წინსვლა. ძალიან რთულია, როდესაც სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას – არ მოხდება ეს, მეგობრებო, არასოდეს მოხდება. ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა, რომელსაც არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა, არასოდეს შევეგუებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძირძველი ტერიტორია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით შემოგვინახეს დღემდე. თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენს გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენს გარეშე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, მისი სურვილი ნდობის აღდგენაა.
“ჩვენ ძალიან მძიმე წარსული გადავიტანეთ ყველამ ერთად, იყო ძალიან მძიმე შეცდომები, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ჩვენ გთავაზობთ, ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. მე მჯერა, რომ თქვენ შეიძლება ჯერ კიდევ გაქვთ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს მიდგომას. ჩვენ რეალურად გვაქვს ძალიან დიდი წინსვლის პერპექტივა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა განვითარება თქვენს გარეშე. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა მოგიწოდოთ ყველას – ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კიდევ ერთხელ კარგად გაანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები