“საქართველოს ხელისუფლების სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის ლობირებას არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ” – შალვა პაპუაშვილი

“ვერ გეტყვით, რას ეფუძნება ან რა ფაქტობრივი წინაპირობები უდგას ამგვარ განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლების სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის ლობირებას არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის გამოცემა „ჰილსის“ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ „ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს მიმართ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“.

„ჩვენ ვთქვით, რომ ქართველ ხალხს ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სურს არა მხოლოდ სარგებლის მიღება, რომ თავად ჰქონდეს სარგებელი ამ ურთიერთობაში, არამედ მზად არის, მხარში დაუდგეს მას, ვისთანაც სტრატეგიულ პარტნიორობას აკავშირებს. ჩვენ ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას არაერთხელ დავუდექით გვერდში. ამასწინ ვისმენდით დანიის განცხადებას ავღანეთში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის იყოს ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით წარმოდგენილი ავღანეთში. მეორე – საქართველო ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორისაც კი მეოთხე იყო კონტინგენტის რაოდენობით. მესამე – საქართველომ, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ამ ომში, სადაც ჩვენ ამერიკელებთან ერთად მხარ და მხარ ვიბრძოდით. ამის საპირწონედ რომ ვხედავთ თუნდაც ჰელსინკის კომისიის, თუ სხვა ცალკეული კონგრესმენის მხრიდან ანტიქართულ რიტორიკას, ეს აჩვენებს ამ ადამიანების მხრიდან ჩვენს საერთო საქმეში, ერთმანეთის გვერდში დგომაში ქართველი ხალხის წვლილის დაუფასებლობას.

შიდა პოლიტიკური საკითხები არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ზოგადად ვფიქრობთ, რომ თავისთავად არ არის სწორი სისტემა, როდესაც რაღაც ლობისტური ძალისხმევებით -აშშ-შიც ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საფუძველი – სხვადასხვა ლობისტური ინტერესით, არა გულწრფელი პოლიტიკური მოტივაციით და პოლიტიკური იდეების საფუძველზე, არამედ რაღაც სარგებლის სანაცვლოდ ხდება ესა თუ ის მოქმედება, მაგრამ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მთავარია, თუნდაც ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებითაც, რომ უნდა შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა, რათა მოხდეს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები