“ბაიდენმა მძიმე მემკვიდრეობა დატოვა და აუცილებელია, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას თუ ხელს შეუწყობენ, მხოლოდ მივესალმები,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გამოცემა „ჰილსის“ სტატიაზე საუბრისას განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობიდან გამომდინარე, ამ ადამიანის თაობაზე ვიცი. რამდენადაც მახსოვს, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, სხვათა შორის, გააფთრებით. მას საქართველოს წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაუვრცელებია. არ ვიცი, ამ ადამიანს რა მიზანი ამოძრავებს და ამ პროცესში როგორ არის ჩართული. მხოლოდ მივესალმები, თუ ადამიანები ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობენ. წავიკითხე სტატია და დარწმუნებული ვარ, აქ რაც წერია, სიმართლეა. ამ ადამიანის საქმიანობის თაობაზე არ ვიცი. სტატიაში წერია, რომ „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ მოქმედებს. არ ვიცი, ეს რამდენად სიმართლეა. ეს ადამიანი ურთიერთობების გადატვირთვის მომხრე თუა, მივესალმებით, რადგან ბაიდენმა მძიმე მემკვიდრეობა დატოვა და აუცილებელია, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, “ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ჰილსი“.