ვატო შაქარიშვილი – “ნაცმოძრაობის” ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ სანდრო გირგვლიანის წამებასა და მკვლელობაზე, ისევე, როგორც სხვა ყველა დანაშაულზე, რაც ჩადენილია ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ

„20 წელი სანდროს სასტიკი მკვლელობიდან… ორი ათწლეული გავიდა და ვფიქრობ, რომ სათანადოდ მაინც არ არის შეფასებული ეს ენით აღუწერელი დანაშაული, რომელიც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა სანდროს და მისი ოჯახის მიმართ, რასაც შემდეგ სამწუხაროდ ბევრი სანდრო მოჰყვა, ბევრი ნაწამები და მოკლული უდანაშაულო ადამიანი… „- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით წერს და წლების წინ მომხდარს იხსენებს.

მისი თქმით, სააკაშვილის, ახალაიას, გვარამიას, მერაბიშვილის, ბოკერიას, ადეიშვილის, კეზერაშვილის, ნაცმოძრაობის სხვა ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ სანდროს წამებასა და მკვლელობაზე.

ის ახალგაზრდებს მოუწოდებს, გაიაზრონ, რომ მათი ენერგიის გამოყენებით, საქართველოს ასეთ წარსულში დაბრუნება უნდათ.

„მაშინ, 29 წლის ეს მაგარი ბიჭი ყველა ჩვენგანის მეგობარი გახდა, ირინა ენუქიძე კი, ყველა ქართველი ახალგაზრდის დედა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით თავი შესწირა სამართლიანობისთვის ბრძოლას და სხვების სიცოცხლის დაცვას.
დღევანდელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ როგორი ვითარება იყო უახლოეს წარსულში, როგორ მოექცა სახელმწიფო მათ თანატოლ უდანაშაულო ბიჭს და როგორ გაერთიანდა უკლებლივ ყველა სახელისუფლებო შტო ამ დანაშაულის დასაფარად, რაც გახდა კიდეც „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს“ გაოგნების მიზეზი. დიახ, ზუსტად ასე წერია სტრასბურგის განაჩენში – „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“
მაგრამ, სასამართლო განაჩენისთვის უჩვეულო ლექსიკით გაკეთებული ჩანაწერი ხელს არ უშლის, რომ ამავე ევროპულ სტრუქტურებში ჯალათები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დღემდე „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიონ, დაიცვან და 20 წლის შემდეგაც, კვლავ მათი ხელით სცადონ საქართველოში გადატრიალების მოწყობა.
სააკაშვილის, ახალაიას, გვარამიას, მერაბიშვილის, ბოკერიას, ადეიშვილის, კეზერაშვილის, ნაცმოძრაობის სხვა ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ სანდროს წამებასა და მკვლელობაზე, ისევე, როგორც სხვა ყველა დანაშაულზე, რაც ჩადენილია ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ.
არც მაშინ ჰქონია ევრო-ამერიკელი მმართველებისთვის ქართველი ადამიანის სიცოცხლეს ფასი, არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება – სანდროს მკვლელობაც იმიტომ არ შეიმჩნიეს, რომ შემდეგ მათი ინტერესებისთვის ბევრი სანდრო შეეწირა სააკაშვილს რუსეთთან ომში.
ახალგაზრდებო, სტუდენტებო! სანამ ადამიანის უფლებების დარღვევად ის მოგეჩვენებათ, რომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობისას რუსული წარმოების „ტუშონკას“ აჭმევენ, ეცადეთ გაიაზროთ, რომ თქვენი ენერგიის გამოყენებით, საქართველოს ასეთ წარსულში დაბრუნება უნდათ. ან ამას გაიაზრებთ ან ყოველთვის მოგიწევთ პასუხი აგოთ თქვენივე ქმედებებზე.“- წერს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები