სამი დაღუპული და 35 დაშავებული – ოდესაში რუსული თავდასხმის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დასრულდა
მაშველებმა ოდესაში იმ შენობის ნანგრევებში მყოფი ადამიანების ძებნა დაასრულეს, რომელსაც 27 იანვრის ღამეს რუსული დრონი დაეჯახა, – ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა Telegram-ზე განაცხადა.
„სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დასრულდა. სამწუხაროდ, მტრის თავდასხმის შედეგად ოდესაში სამი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნა ლისაკმა.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგებთან გამკლავება გრძელდება. მუნიციპალური სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ, მიმდინარეობს ნანგრევების დემონტაჟი და მისასვლელი გზების გაწმენდა. სულ ჩართულია 26 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში 27 იანვრის ღამეს რუსული დრონით თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 12 საავადმყოფოში გადაიყვანეს.