ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაღუპულ და-ძმაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, და-ძმის გარდაცვალება მოყინვამ გამოიწვია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის – 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. – ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ). პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.
მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, –
აცხადებენ უწყებაში.
როგორც დაღუპულის ახლობლები ამბები. ჯი-სთან საუბარში ჰყვებიან, მამაკაცი 8 საათზე მეზობელთან გავიდა, მის საძებნელად წასული და კი შემთხვევით წყალში გადავარდა.
„ტარიელი გავიდა 8 საათზე მეზობელთან, ვერ მივიდა მეზობლის სახლამდე, გზაზე წაიქცა. ზოგადად ტაროს ხშირად უკავდებოდა ხელ-ფეხი, ალბათ ახლაც ეგ დაემართა, დაეცა და ადგომა ვერ შეძლო. გაიყინა სიცივეში. დილის 9-მდე იქ იმყოფებოდა, დამ ვერ იპოვა, რადგან სულ სხვა ადგილას ეძება, სადაც ძმის ტელეფონი იყო – იქ. დარია ტელეფონით რეკავდა ოჯახის წევრებთან, ღამის 12 საათამდე ეძება. ტელეფონის ფანრით ათვალიერებდა გარემოს, ამ დროს გადავარდა შემთხვევით წყალში. იქ დაიღუპა“, – ამბობენ მათი ახლობლები ამბები.ჯი-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.