“კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა; ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია” – მაჭარაშვილი
“როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის მიერ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნას გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომის, მშვიდობის, პარტნიორობის თაობაზე, აბსოლუტურად იგივე აქვს ახლაც.
“კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა. კი ბატონი, ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ახლა ელჩი დანიშნა და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.