“დღეს აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენიებელ დღეს და ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ეს დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს” – შალვა პაპუაშვილი

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენიებელ დღეს და ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ეს დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ექვსი მილიონი ებრაელის განადგურება არის წარუშლელი ტრაგედია, რომელმაც შეძრა ევროპა და სამუდამოდ დაამძიმა კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება.

“ეს არის ხსოვნა იმ უდანაშაულო ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იქცნენ განადგურების სამიზნედ, რომ ეკუთვნოდნენ კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს. ეს იყო ადამიანობის უარყოფა, სიცოცხლის გაუფასურება და ცივილიზაციის თვითგანადგურების მცდელობა.

ვერავითარი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ გადაფარავს ტკივილს, რაც მიადგა ებრაელ ერს, ოჯახებს და ცივილიზაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ გენოციდით დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ როგორც მსხვერპლს და მის მასშტაბს, ასევე იმ გარემოებებს, რამაც დაუშვა მსგავსი სისასტიკით ამგვარი ტრაგედიის მოხდენა.

ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად და დინამიურ სამყაროში. თაობები იცვლება, იცვლება მეხსიერებაც, ყოველდღიურობა ფარავს წარსულის იარებს. ისტორია იკუმშება, გაკვეთილები დავიწყებას ეძლევა, ახალ თაობებს უჭირთ წარსულის არსობრივად გააზრება. ტრაგედია ექცევა ერთ სიტყვაში, ერთ ფრაზაში, კარგავს მის მოცულობას და ინსტრუმენტალიზდება მიმდინარე პოლიტიკური დისკურსის საჭიროებების მიხედვით.

სწორედ ამიტომ, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე არ უნდა იყოს მხოლოდ სიმბოლური ჟესტი. ეს უნდა იყოს ხმამაღალი შეხსენებისა და მკაფიო განაცხადის მომენტი, როდესაც ზუსტად და კონკრეტული სახელებით აღვწერთ და ვიტყვით რა მოხდა, რატომ მოხდა, რამ დაუშვა ეს ბოროტება და რა შედეგები მოუტანა კაცობრიობას.

წარსულის მსხვერპლზე ლაპარაკი მნიშვნელოვანია დღესაც, რადგანაც ნათლად ვხედავთ მთელ რიგ მოვლენებს, რომელიც გვახსენებს იმ ეპოქას, როდესაც ამპარტავნებამ, სიძულვილმა, ძალმომრეობამ, შურისძიებამ და განსხვავებულის დემონიზებამ წარმოშვა მთელი ერის განადგურების მეთოდური და დახვეწილი მანქანა, რომლის შესაჩერებლადაც ზღვა სისხლი დაიღვარა.

ამ ბოროტების დამარცხებაში მნიშვნელოვანი იყო ქართველთა წვლილიც. ჩვენ ვამაყობთ არამხოლოდ იმ გამარჯვებით, რომელიც ფაშიზმის დამარცხებამ მოგვიტანა, არამედ ვამაყობთ ჩვენი ეროვნული ცნობიერებით, რომელიც იწყნარებს განსხვავებულს, მასპინძლობს ყველანაირ სტუმარს, თანაგრძნობას იჩენს სუსტის და დაჩაგრულის მიმართ. ეს არის ღირებულებითი საფუძველი, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ისტორიის ურთულეს პერიოდებშიც ადამიანური სახე შეუნარჩუნა.

ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ 26-საუკუნოვანი ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას ექვსი წლის წინ ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსიც კი მიენიჭა. ეს ურთიერთობა აითვლის კიდევ არაერთ საუკუნეს და ასე გაგრძელდება ყოველთვის, ვიდრე ეს სამყარო იარსებებს. ეს არის ჩვენი ხმამაღალი და დადასტურებული განაცხადი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები