რევაზ სოხაძე ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ლეა გუტიერესს და ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფირმაციით, აზიის განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ლეა გუტიერესი ეცნობა ADB-ის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის რეგიონებში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა და პროგრესი, რომელთა განხორციელებასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბანკის მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ასევე, საუბარი შეეხო უკვე დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

მათ შორის, განხილული იყო თბილისის შემოვლითი გზის ორი ლოტის, ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის, ასევე მუნიციპალიტეტებში მულტიფუნქციური ცენტრებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები.

მინისტრმა ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების მთავარი სპეციალისტი მარია პია ანკორა და ინფრასტრუქტურული პროექტების წამყვანი ოფიცერი გიორგი კიზირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები