დავით მათიკაშვილი: პროდუქტებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასები ალოგიკურად დიდია, ფასნამატის შემცირება შესაძლებელია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

მისივე თქმით, ფასნამატის შემცირება შესაძლებელია.

„საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც სამთავრობო კომისიასთან და სუს-ის მიერ წარმოებულ ცალკეულ პროცესებთან ერთად, დაინტერესებული იქნება ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებული რეალობით. ამ საკითხის გარშემო მყოფი აქტორების გამოკითხვა მოხდება. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასები ალოგიკურად დიდია. 86%-იანი ფასნამატი უზარმაზარია, რომელიც ლოგიკას ვერ უძლებს. ევროპულ ქვეყნებში არსებული მოცემულობა გვკარნახობს, რომ ფასნამატის შემცირება შესაძლებელია. კარგია, რომ ამ საკითხის მოკვლევაში ბიზნესი აქტიურად არის ჩართული. ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. იმედია, აპრილის ბოლომდე არ მოხდება დალოდება და სასურველი იქნება, მანამდეც მოიძებნოს ის შეხების წერტილები ბიზნესსა და შესაბამის სახელისუფლო რგოლებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ფასების ლოგიკურ ნიშნულამდე დაწევას, რაც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები