“მედიასივრცის პოლარიზაცია ნიკა გვარამიას და იმ რადიკალური ოპოზიციის დამსახურებაა, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ მედიასივრცეში ოპონენტებთან ერთად ყოფნა წარმოუდგენელი გამხდარიყო” – წილოსანი

“მედიასივრცის პოლარიზაცია ნიკა გვარამიას და იმ რადიკალური ოპოზიციის დამსახურებაა, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ მედიასივრცეში ოპონენტებთან ერთად ყოფნა წარმოუდგენელი გამხდარიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივა შეაფასა, რაც მედიასივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნებას გულისხმობს.

„ფაქტობრივად, ჩვენს მხარეს არავითარი საშუალება აღარ ჰქონდა, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. ალბათ მათი პოლიტექსპერტების რჩევა იყო, რომ პოლარიზაცია მომხდარიყო როგორც მედიაში, ისე გარე სივრცეში, რათა პატარა შედეგი მაინც ჰქონოდათ. მათი მოლოდინი იყო, რომ ამით საკუთარი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გარდამტეხ შედეგს მიიღებდნენ, თუმცა ვხედავთ, რომ თავად რადიკალური ოპოზიცია გადატყდა. ახლა, როდესაც მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ ამომრჩევლის ბოლომდე ინფორმირებაზე და რადიკალური ოპოზიციის ფაქტორი უკვე ნაკლებად არსებობს, დებატების აღდგენასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კარგი მოლოდინის მატარებელია.

ალბათ ჩემთვის მისაღები არ იქნება დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან. ეს ჩემთვის ერთ-ერთი პირობა იქნება, რომელსაც დებატებში მონაწილეობის დროს ვიტყვი, თუმცა ჩვენი მთლიანად პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება. არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ფიზიკურად არ შეეხონ. ვიცით, რომ ასეთი ეთერებისთვის, ალბათ ძალიან ბევრს გადაიხდიდნენ ის პარტიული ტელევიზიები, რადიკალები, ვინც ამგვარ ეთერებს აწყობენ. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სტანდარტის და ეთიკის ფარგლებში მოხდეს დებატების აღდგენა და ჩვენი გუნდი მუშაობს ამ პრინციპებზე, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.

იყო თუ არა შეცდომა, რომ დებატები აღარ იმართებოდა? მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მათივე მოფიქრებულ ავანტიურაში და არასწორ დაგეგმილ კამპანიაში მონაწილეობა არ მივიღეთ. მათი მიზანი იყო, რომ მედიის მეშვეობით, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მეშვეობით, მაქსიმალური დაპირისპირება დაეორგანიზებინათ. რეალურად, მთელი ეს დაპირისპირება საზოგადოებას, პოლიტიკოსებს შორის კარგად დაგეგმილი პოლიტიკაა, რომელსაც ჩვენი რადიკალი ოპონენტები ახორციელებდნენ. მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერე „ნაცების“ და მათი დანაყოფების აკრძალვას, ამ პარტიების არც ერთ სუბიექტს არ მივიჩნევ არც ლეგიტიმურად და არც კონსტიტუციურ სუბიექტებად. ჩემი მხრიდან დებატებში მათთან მონაწილეობა იქნება მიუღებელი, მაგრამ ამ ყველა საერთო წესებზე „ქართული ოცნება“ ერთიანად დაუბრუნდება საზოგადოებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები