POLITICO: კალასი ჩივის, რომ ფონ დერ ლაიენი დიქტატორია, მაგრამ ამის წინააღმდეგ თითქმის ვერაფერს აკეთებს

ზოგი პოლიტიკოსისთვის ბრიუსელი ის ადგილია, სადაც აგზავნიან, როცა პრობლემურები ხდებიან ან როცა სამშობლოში აღარ სჭირდებათ.
სხვებისთვის კი ეს არის შანსი, მიიღონ პრესტიჟული პოზიცია, რომელიც მათ რეალურ რანგსა თუ გამოცდილებასაც კი სცდება, – ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

გამოცემის თანახმად, ბიუროკრატები, რომლებსაც თითქმის არ აქვთ მედია გამოცდილება, ყოველ სამუშაო დღეს კამერების წინ ჩნდებიან როგორც ევროკომისიის სპიკერები, მაშინ, როცა კარიერულ დიპლომატებს უწევთ ისეთი დოსიეების დამუშავება, რომლებსაც საშინაო პოლიტიკისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.

“ყველა ეს ადამიანი გარკვეულწილად გაერთიანებულია ევროკავშირის პროექტის რწმენით. თუმცა ბრიუსელში მუშაობა შეიძლება კოშმარად იქცეს – მიუხედავად ხილვადობისა, მაღალი ხელფასისა და სხვა პრივილეგიებისა.” – აღნიშნულია სტატიაში.

POLITICO ასახელებს ბრიუსელში ყველაზე რთულ ხუთი სამსახური და მიზეზებსაც განმარტავს. ყველაზე რთული 5 პოზიცია გამოცემის მიხედვით შემდეგია: მარკ რუტე, NATO-ს გენერალური მდივანი; პაულა პინიო, ევროკომისიის მთავარი სპიკერი; კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი; ბალინტ ოდორი, უნგრეთის ელჩი; მაროშ შეფჩოვიჩი, ვაჭრობის კომისარი.

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სამსახური, სტატიის თანახმად, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, უდავოდ ყველაზე რთულია ბრიუსელში. ამჟამად მისი როლი ნაკლებად ჰგავს სამხედრო ალიანსის მართვას და უფრო ჰგავს ერთ ადამიანთან – ტრამპთან, იმის მუდმივ მცდელობას, რომ არ დაშალოს მთელი სისტემა. და როგორც ჩანს, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერი გარკვეულ წარმატებასაც აღწევს.
„სრულად მესმის, რამდენად რთულია მისი სამუშაო [NATO-ს ერთიანობის შენარჩუნება], მაგრამ ამის ყურება ნამდვილი ტანჯვაა,“ – თქვა ერთმა მაღალი რანგის ევროკავშირის დიპლომატმა ანონიმურობის პირობით.

„ქარიან ამინდში თოკზე სიარული უფრო ადვილია, ვიდრე NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს საქმე,“ – განაცხადა ნიკოლას პასკუალ დე ლა პარტემ, ესპანეთის ყოფილმა ელჩმა NATO-ში და ახლა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა.

POLITICO-მ მეორე ადგილი პაულა პინიოს, ევროკომისიის მთავარ სპიკერს მიაკუთვნა, ვინაიდან, ურსულა ფონ დერ ლაიენის ეპოქაში მთავარი სპიკერის პოზიცია უკიდურესად რთულ სამსახურად იქცა. ოფიციალური პირების თქმით, კომისიის პრეზიდენტი მუშაობს (მეტაფორულ) ბუნკერში – მხოლოდ მისი კაბინეტის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი ფლობს სრულ ინფორმაციას, დანარჩენებმა კი ან არაფერი იციან, ან მინიმალურ ინფორმაციას ფლობენ. ეს სრულიად განსხვავდება მისი წინამორბედის, ჟან-კლოდ იუნკერის სტილისგან, რაც პორტუგალიელი პაულა პინიოს საქმეს უკიდურესად ართულებს. “მას ყოველდღე უწევს ჟურნალისტების წინაშე კამერებთან გამოსვლა, მაშინ როცა ხშირად ან პასუხის გაცემის უფლება არ აქვს, ან თავადაც არ იცის პასუხი – ასე ამბობენ ოფიციალური პირები და დიპლომატები.” – აღნიშნავს POLITICO.

ჩამონათვალში მოხვდა კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, რომელსაც, გამოცემის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

ფონ დერ ლაიენსა და წინა ხელმძღვანელს, ჟოზეფ ბორელს, ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. კალასთან კი, ოფიციალური პირების თქმით – კიდევ უარესია.

„კალასი ჩივის, რომ ფონ დერ ლაიენი დიქტატორია, მაგრამ ამის წინააღმდეგ თითქმის ვერაფერს აკეთებს,“ – განუცხადა POLITICO-ს ერთმა მაღალჩინოსანმა. კალასი ასევე პატარა ესტონიიდანაა, მისი ლიბერალური პარტია კი მცირეა, რაც მის პოზიციას კიდევ უფრო ასუსტებს.

მისმა ოფისმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

გამოცემამ ბალინტ ოდორის, უნგრეთის ელჩის სამუშაოც რთულად მიიჩნია.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უყვარს „ბოროტის“ როლის თამაში თავისი პრორუსული და პროტრამპული განცხადებებით, რაც ქვეყნის ევროკავშირის ელჩის საქმეს უკიდურესად ართულებს. ამჟამინდელი ელჩი, ბალინტ ოდორი, ფიდესთან დაახლოებულად მიიჩნევა – განსხვავებით მისი წინამორბედისგან, ტიბორ შტელბაჩკისგან, რომელიც ახლა ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს.

როცა უნგრელი ელჩები ცდილობენ მთავრობის მკაცრი განცხადებების შერბილებას, ბუდაპეშტში მათ ერთგულებაში ეჭვი უჩნდებათ, ამბობს ერთი უნგრელი დიპლომატი. ერთმა ოფიციალურმა პირმა ოდორი „ოთახში მყოფ სპილოდ“ აღწერა, რუსეთისთან ახლო კავშირების გამო.” – წერს POLITICO.

მე-5 პოზიცია გამოცემამ მაროშ შეფჩოვიჩს, ვაჭრობის კომისარს მიაკუთვნა.

“თუ საქმე განსაკუთრებით რთულია – დაუძახეთ მოსკოვში განათლებამიღებულ სლოვაკ კომისარს, მეტსახელად „ბატონ შემკეთებელს“. სლოვაკეთის კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი 2009 წლის ოქტომბრიდან არის კომისარი, რაც მას მოქმედ კომისრებს შორის ყველაზე გამოცდილად აქცევს – მას მუშაობა მოუწია ბაროზოს, იუნკერისა და ფონ დერ ლაიენის დროს.

შეფჩოვიჩს ანდობდნენ ევროკავშირის პასუხს ისეთ უკიდურესად რთულ საკითხებზე, როგორიც იყო ბრექსიტი და ევროპული მწვანე შეთანხმება, ახლა კი – ტრამპის ეპოქაში – ვაჭრობაა მისი მთავარი სფერო.” – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები