“დებატები პოლიტიკოსებს კი არ გვჭირდება, არამედ ხალხს; სწორედ ხალხს არ უნდა უთხრა უარი, რომ გაიგონ ოპონენტებისგან, რის გაკეთებას აპირებენ, როგორ და რა არგუმენტები აქვთ” – შარმანაშვილი
“დებატები პოლიტიკოსებს კი არ გვჭირდება, არამედ ხალხს. სწორედ ხალხს არ უნდა უთხრა უარი, რომ გაიგონ ოპონენტებისგან, რის გაკეთებას აპირებენ, როგორ და რა არგუმენტები აქვთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, ის პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური დებატები მედიასაშუალებებში უნდა დაბრუნდეს.
„თუ უნდათ, რომ ხალხის წინაშე წარმოაჩინონ და ხელისუფლებას მიუთითონ არასწორად ქცევა, მაშინ კეთილი ინებონ და ხალხს საშუალება მისცენ, ხელისუფლებამ პოზიცია დააფიქსიროს, კანონიერად იქცევა თუ არა. ხალხს დებატებზე უარი არ უნდა უთხრან. თავის დროზე, ჩვენ დებატებზე კი არ ვთქვით უარი, არამედ საცირკო სანახაობაზე. ახლაც უარს ვიტყვით, თუ ვინმეს საცირკო სანახაობის ჩატარება მოუნდება. თუ უნდათ, რომ მმართველ პარტიას ეპაექრონ, ვისაც გადაწყვეტს, რომ დებატებში გამოიყვანოს, მას ეპაექრონ. მმართველი პარტია სადებატოდ უცნობ ადამიანს არ გამოუშვებს, ან ვინც პარტიაში არაფერს წარმოადგენს. როცა აიჩემებ, რომ კონკრეტულ ადამიანს გინდა ეპაექრო, ე.ი. შენ დებატები კი არა საცირკო სანახაობა გინდა, რაც მოსახლეობას ისედაც ყელში აქვს ამოსული. მთავარი აზრთა ჭიდილი უნდა იყოს, რათა ხალხს დასკვნების გამოტანის საშუალება ჰქონდეს. საქართველოში ხელისუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ისინი ამაზე უარს ამბობენ. თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირა არ იყო დარჩენილი და ოპოზიციის კანდიდატი ბრიუსელსა და ბერლინში წავიდა იმის ნაცვლად, რომ ნაძალადევში, გლდანსა და ვერაზე წასულიყო. თავის ხალხს არ ელაპარაკებიან, არც დებატების სახით უნდათ, რომ ხალხს დაენახონ და არც წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.