ტრამპი: აშშ სასაზღვრო დაცვის მიერ მამაკაცის მკვლელობის გარემოებებს იძიებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს ყველა გარემოებას, რომელიც დაკავშირებულია 24 იანვარს მინეაპოლისში, მინესოტას შტატში, სასაზღვრო პატრულის აგენტის სროლასთან, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტრიშა მაკლაფლინმა BBC-ის განუცხადა, რომ მინეაპოლისში ოპერაცია ფედერალური სასაზღვრო პატრულის აგენტებმა ჩაატარეს.

მაკლაფლინის თქმით, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები ატარებდნენ ოპერაციას „ძალადობრივი თავდასხმისთვის ძებნილი არალეგალი უცხოელის“ დასაკავებლად, როდესაც მათ შეიარაღებული მამაკაცი მიუახლოვდა.

„ოფიცრებმა ეჭვმიტანილის განიარაღება სცადეს, თუმცა შეიარაღებულმა ეჭვმიტანილმა სასტიკი წინააღმდეგობა გაწია. საკუთარი და სხვა ოფიცრების სიცოცხლის შიშით, ერთ-ერთმა აგენტმა თავდაცვის მიზნით გაისროლა“, – განმარტა სამინისტროს პრესსპიკერმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში, მინესოტას შტატში, ანტიიმიგრანტული რეიდის დროს მომხდარ სროლას თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ზე გამოეხმაურა.

მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გამოსახული იყო ფედერალური აგენტის მიერ მოკლული მამაკაცის ცეცხლსასროლი იარაღი და დასვა კითხვა, თუ სად იმყოფებოდა ადგილობრივი პოლიცია და რატომ არ იცავდნენ ისინი თავიანთ კოლეგებს იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურში (ICE).

„ჩვენ ამას ვიკვლევთ და დასკვნამდე მივალთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მას ჰკითხეს, სჯეროდა თუ არა ის, რომ სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების ქმედებები, რამაც 37 წლის აშშ-ის მოქალაქის, ექთნის, ალექს პრეტის სიკვდილი გამოიწვია, გონივრული იყო.

„არ მომწონს, როდესაც სროლა ხდება. ამავდროულად, არ მომწონს, როდესაც ვინმე საპროტესტო აქციაზე მიდის და ძალიან ძლიერი, სრულად დატენილი იარაღი აქვს ორი დატენილი სამაგრით”,- განმარტა ქვეყნის ლიდერმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დემოკრატები მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების გამო აშშ-ის მთავრობას კიდევ ერთი შეჩერებით ემუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები