როიტერი: ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 40%-მდე შეამცირებს
ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 40%-მდე შეამცირებს, – ამის შესახებ “როიტერი” წყაროებზე დაყრდნობით წერს.
“როიტერს” მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა დათანხმდა დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი 27-ქვეყნიანი ბლოკიდან შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებზე, რომელთა იმპორტის ფასი 15 000 ევროს (17 739 აშშ დოლარი) აღემატება.
გამოცემის თქმით, სავარაუდოდ, ინდოეთი და ევროკავშირი სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, რის შემდეგაც დეტალები საბოლოოდ დამუშავდება და მოხდება შეთანხმების რატიფიცირდება.
შეთანხმებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზარდოს ორმხრივი ვაჭრობა და ხელი შეუწყოს ინდოეთის ექსპორტს, მათ შორის ტექსტილისა და სამკაულების, რომლებზეც აგვისტოს ბოლოდან აშშ-მა 50%-იანი ტარიფები დააწესა.
იმპორტის დაბალი გადასახადები ხელს შეუწყობს ევროპულ ავტომწარმოებლებს, როგორიცაა Volkswagen, Renault და Stellantis, ასევე, პრემიუმ-ბრენდებს Mercedes-Benz-სა და BMW-ს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები ინდოეთში უკვე აწარმოებენ ავტომობილებს, მათ ზრდა შეზღუდული ჰქონდათ, ნაწილობრივ სწორედ მაღალი ტარიფების გამო.
დაბალი გადასახადები საშუალებას მისცემს ავტომწარმოებლებს, უფრო იაფად გაყიდონ იმპორტირებული ავტომობილები და უფრო ფართო მოდელური ხაზით გამოსცადონ ბაზარი, სანამ ადგილობრივ წარმოებაში უფრო დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.