გლდანში კიდევ ორი სკვერი მოეწყობა

გლდანის რაიონში, ილორის ქუჩის N19/23-ისა და მე-6 მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ სკვერები მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2026 წელსაც ქალაქში მეტი მწვანე სივრცის შექმნა პრიორიტეტი იქნება.

„ილორის ქუჩის N19/23-ის მიმდებარედ მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა და სპორტული მოედანი. დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – რულონური ბალახი დაიგება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება. პროექტის განხორციელებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დაახლოებით, 600 000 ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გლდანის მე-6 მიკრორაიონის 22-ე კორპუსის მიმდებარედ სამუშაოები, დაახლოებით, 1 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონა, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ყველანაირად მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია. მსგავს სამუშაოებს განვაგრძობთ. გვინდა, ყველა რაიონში, უბნების დონეზე არსებობდეს მსგავსი მოწესრიგებული სივრცეები, სადაც ადამიანები დაისვენებენ და განიტვირთებიან“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები