თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ ქვეყანაში ჩატარებული მასშტაბური ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციის შედეგები გამოაცხადა.
იერლიკაიამ აღნიშნა, რომ ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ნარკოკაპან-იზმირი“, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაციაა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის 14 პროვინციაში ორგანიზებული ეს ოპერაცია ქუჩის ნარკოდილერების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც ნარკოვაჭრობის მთავარ რგოლს წარმოადგენენ.
„ჩვენ განსაკუთრებით საფუძვლიანი ტექნიკური მომზადება, ადგილზე დაკვირვება და სადაზვერვო სამუშაოები ჩავატარეთ მათ წინააღმდეგ. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში, ჩვენმა დანაყოფებმა თანდათანობით დაადგინეს ეჭვმიტანილების დამალვის ადგილები, მათი კონტაქტები და მეთოდები, რომლებსაც ისინი შხამის გასავრცელებლად იყენებდნენ. ყველა ინფორმაციის მიღების შემდეგ, გუშინ დილით, გათენებამდე, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ოპერაცია”,- განაცხადა მინისტრმა.
იერლიკაიას თქმით, ოპერაციაში, რომელსაც მხარს უჭერდნენ საჰაერო და საზღვაო ქვედანაყოფები, 4500 პოლიციელი, 956 ჯგუფი და 8 სპეციალურად გაწვრთნილი საძიებო ძაღლი მონაწილეობდა:
“ჩვენ ერთდროულად ჩავატარეთ ოპერაციები 14 პროვინციის 608 მისამართზე, რის შედეგადაც 641 ადამიანი დააკავეს. ნარკოტიკებთან ბრძოლა მრავალშრიანი და მრავალმხრივი ფორმატით მტკიცედ გრძელდება და ოპერაციები ხორციელდება მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის თანდათანობით განადგურების მიზნით – კრიმინალური ორგანიზაციების ლიდერებიდან დაწყებული ქუჩის დილერებით დამთავრებული”, – ამბობს თურქეთის შს მინისტრი.