ლევან მახაშვილი: დროშა არის სახელმწიფო სიმბოლო – ამიტომ ერთადერთი, რასაც ვისურვებდით ჩვენი პარტნიორებისგან არის სერიოზული დამოკიდებულება
“დროშა არის სახელმწიფო სიმბოლო – ამიტომ ერთადერთი, რასაც ვისურვებდით ჩვენი პარტნიორებისგან არის სერიოზული დამოკიდებულება,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მილოცვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები არ და ვერ იქნება ძალადობის სიმბოლო.
“დროშა არის სახელმწიფო სიმბოლო, ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება, რის გარშემოც და რისთვისაც იბრძოდნენ თაობები, რისთვისაც ღვრიდნენ სისხლს. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ვისურვებდით ჩვენი პარტნიორებისგან, არის სერიოზული დამოკიდებულება გულწრფელი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი. თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ იხილა ის კადრები, რაც იხილა – უხამსი სიმბოლოები ჩვენი მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოს გარშემო. იმ პროცესებიდან, რომელიც იყო ძალადობა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ერთადერთი განცდა, რაც შეიძლება საზოგადოებას დარჩეს, ეს არის ის, სახელმწიფო სიმბოლო, დროშა, უნდა აქციონ ძალადობის სიმბოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. საკუთარი დროშა უკვე აქციეს, სამწუხაროდ, ძალადობის სიმბოლოდ. ეს მათი არჩევანია, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები არ და ვერ იქნება ძალადობის სიმბოლო,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.