ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციები შეაჯამა – მისი ინფორმაციით, გასულს წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები – კერძოდ, ექსპორტის მოცულობა 11.2%-ით გაიზარდა და 7.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელმაც 25.8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ექსპორტის მაჩვენებლების მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2025 წლის დეკემბერშიც – ის 22.5%-ით გაიზარდა წინა წლის დეკემბერთან შედარებით და 673.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, 2025 წლის დეკემბერში ის 8.5%-ით გაიზარდა და 1,843.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2025 წლის დეკემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,516.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.

საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ერთი მხრივ ქვეყნის საჭიროებები უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი პროდუქციით, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი.

„ამისთვის მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით უზრუნველყოფს საექსპორტო არეალის გაფართოებას. საბოლოო ჯამში ეს ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები