მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად “შუა დერეფნის” განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი

აბუ-დაბიში მიმდინარე მდგრადი განვითარების კონფერენციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ღონისძიებაში, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იღებს მონაწილეობას, ყურადღება გამახვილდება “შუა დერეფნის” განვითარებაზე და მის პერსპექტივებზე.

“მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი და ამ საკითხებზე აქცენტების გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში სწორედ “შუა დერეფნის” განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრებზეც.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენს რეგიონში განახორციელონ გარკვეული საქმიანობა. საქართველოს ისინი ხედავენ როგორც პოტენციურ საინვესტიციო ადგილს,” – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიებთან თანამშრომლობა, ვინაიდან ისინი დღეს წარმატებით საქმიანობენ ქვეყანაში და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები