თამარ ჩიბურდანიძე: „მიგრაციული პაქტი” გახდება ევროკავშირში განხეთქილების გადამწყვეტი საკითხი, საქართველო ამჯერადაც გადარჩა
„სირიასა და ირანში განვითარებული მოვლენების შედეგად, ევროპას კვლავ მილიონობით მიგრანტი მიაწყდება და სწორედ ეს გახდება ევროპულ სახელმწიფოებს შორის ახალი განხეთქილების საბაბი,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, ახალი მიგრაციული ტალღა მომაკვდინებელი იქნება ისედაც დემოგრაფიულად მილევადი ევროპული გენოფონდისთვის.
„სირიასა და ირანში განვითარებული მოვლენების შედეგად, ევროპას კვლავ მილიონობით მიგრანტი მიაწყდება და სწორედ ეს გახდება ევროპულ სახელმწიფოებს შორის ახალი განხეთქილების საბაბი. გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა “მიგრაციულმა პაქტმა” დიდი აჟიოტაში გამოიწვია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ პაქტის თანახმად, მიგრანტებისგან მნიშვნელოვნად დაცული იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელმწიფოები [საზღვრისპირა ზოლი], მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ უკვე აკისრიათ ვალდებულება მიგრანტების მიღების და შემდეგ გადანაწილების. სხვა საკითხია, მიიღებენ თუ არა ევროპის განვითარებული ქვეყნები მიგრანტებს? ორბანმა ამაზე უკვე უარი განაცხადა.
თუ გასული ათწლეულების მიგრაციულ პროცესებს გავითვალისწინებთ, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპული პოლიტიკა ჭარბი ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში მონაწილეობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი მიგრაციული ტალღა მომაკვდინებელი იქნება ისედაც დემოგრაფიულად მილევადი ევროპული გენოფონდისთვის. სწორედ ამიტომ “მიგრაციული პაქტი” გახდება ევროკავშირში განხეთქილების გადამწყვეტი საკითხი. ირანი-ამერიკის ურთიერთმუქარის ფონზე, ევროპა ამ მიგრაციულ კრიზისს ვერ გაუძლებს.
საქართველო ამჯერადაც გადარჩა. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მიგრანტების მიღება პირველად ჩვენ მოგვიწევდა და შემდეგ გადანაწილების პროცესში ბუნებრივია, ევროპული წამყვანი სახელმწიფოები უარს იტყოდნენ უდიდესი ნაწილის მიღებაზე. ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რის გამოც ევროპას სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას ქვეყანაში. რუსთაველზე მდგომი ადამიანების მცირე ჯგუფი კი ამას ვერ ათვიცნობიერებს, სამაგიეროდ, ხმამაღლა ღაღადებენ საქართველოს მიგრაციულ პოლიტიკაზე.
იმედია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხვდება, თუ რას გადავრჩით არა მარტო ომის არდაწყებით საქართველოში, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების გადავადებითაც. ამ არეულ სიტუაციაში, სადაც ევროპას საკუთარი თავი აქვს გადასარჩენი, ჩვენ სიდინჯე უნდა გამოგვეჩინა და ასეც მოხდა. სხვა ქვეყნების პოლიტიკურ თამაშებში საქართველო იქნებოდა მსხვერპლი. დღეს კი ქვეყანა ვითარდება და ამ პოლიტიკურ ბაკქანალიასაც გვერდს ვუვლით. გლობალური პროცესების ტრანსფორმაციის ვადებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ დიდი დროა ახალ მსოფლიო წესრიგამდე. ჩვენი უპირველესი მოვალეობაც სწორედ ამ პროცესებიდან საქართველოს მშვიდობიანი გამოყვანაა. მჯერა, ასეც მოხდება,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.