თორნიკე შარაშენიძე: ევროკავშირში განხეთქილება, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო გაამწვავა, ორგანიზაციის ერთიანობას დიდ საფრთხეს უქმნის

“საერთაშორისო წესრიგი ბოლო დროს ჩინეთზე მუშაობს, რადგან ეკონომიკური ზრდის წყალობით უკვე ახდენს ექსპანსიას, მათ შორის დასავლეთ ნახევარსფეროშიც და მყარად იყო ფეხგადგმული პანამაშიც, ვენესუელაშიც და კიდევ ბევრგან”,- ამის შესახებ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ევროკავშირში განხეთქილება, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო გაამწვავა, ორგანიზაციის ერთიანობას დიდ საფრთხეს უქმნის.

“ვენესუელა დიდი ტერიტორიაა, მოიპოვება ბევრი ნავთობი, იშვიათი მინერალები და ა.შ., იშვიათი მინერალები კი ამერიკისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, ძირითადად, სწორედ ჩინეთისგან ყიდულობს და ახლა იმპორტის რაღაცნაირად დივერსიფიცირება უნდა, რადგან არ სურს ჩინეთზე იყოს ჩამოკიდებული. თვენახევრის წინ გამოქვეყნდა ამერიკის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც მთავარ პრიორიტეტად თავის ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცებაა. ვენესუელა იყო ჩინეთის გავლენაში, ჩინეთმა დახარჯა იქ ათეულობით მილიარდი, პლუს ვენესუელა კვებავდა კუბას, რომელიც დიდი ხანია გამოწვევაა “მონროს დოქტრინისთვის”, უკვე ათწლეულებია არ ემორჩილება ამერიკას.

ამიტომაც ჩათვალეს, რომ ვენესუელის დამორჩილებით იქიდან გააძევებენ ჩინეთს; ამით მიაღწევენ იმასაც, რომ კუბაში რეჟიმი ჩამოიშლება და პრაქტიკულად ვიღა დარჩება? დარჩება ნიკარაგუა და მას როგორმე აიტანენ. ჩინეთი ნიკარაგუაში შეიძლება დიდხანს დარჩეს, იქ ამერიკას ჩარევის ძალზე მძიმე გამოცდილება აქვს და არც ისე მარტივია სიტუაციის შეცვლა… ხომ ვნახეთ, რომ არ აპირებენ არსად დემოკრატიების მშენებლობას. ამჯერად მსგავსი ზღაპრები არ მოგვისმენია და თქვეს პირდაპირ, ჩინეთი უნდა გაძევდეს აქედან, ჩვენ გვინდა ნავთობიო… ეს არის მთავარი – უპირველესად ბრძოლა ჩინეთის გავლენასთან, რესურსები მაინც მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ნავთობი აშშ-ს თავადაც ბლომად აქვს. და კიდევ – რაც უფრო შორს იქნება ამერიკიდან რეგიონი, უფრო რთული იქნება მსგავსი ოპერაციების ჩატარება. ერთია, მიაყენო ფლოტი შენთან ახლომდებარე ვენესუელას, ჩაკეტო ზღვიდან და ჩაატარო სპეცოპერაცია და მეორე, მსგავსი ოპერაცია ჩაატარო სადღაც შორს, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც შესაძლოა ზღვაზე გასასვლელი არც აქვს და ვერ დაბლოკავ ზღვიდან.

გრენლანდიაც ძალიან მდიდარია იშვიათი მინერალებით, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, იმიტომ, რომ მთელ არქტიკას აკონტროლებს. იქიდან შეიძლება გაჭრა არქტიკაზე, სადაც ნავთობის დიდი მარაგია. თუმცა არქტიკაში დიდი უპირატესობა აქვს რუსეთს, იმიტომ, რომ ჰყავს ყინულმჭრელების მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი და მას კონკურენციას ვერ უწევენ. ამიტომაც, როგორც ჩანს, ამერიკა ფიქრობს, რომ გრენლანდიას რამე ფორმით ჩაიგდებს ხელში. იმედია, პირდაპირ ანექსიას არ მოახდენს. იქ განთავსდება კიდევ უფრო დიდი ამერიკული ბაზა და დაიწყება იქაური რესურსების ათვისება. ტრამპს “დილმეიქერობის” დიდი გამოცდილება აქვს და როცა სურს ამის გაკეთება, ყოველთვის მკვეთრი განცხადებებით იწყებს. ახლაც მგონია, დანიასთან რაღაც გარიგებამდე მივა. არ არის გამორიცხული, გადასვას ჯარი და უთხრას, ჩვენ აქა ვართ და დამთავრდა, რაც გინდათ დაარქვით, თუ გინდათ თქვენი იყოს ფორმალურად, მაგრამ აქ ჩვენ ვართო!

უკრაინის საკითხში ამერიკის თავშეკავების მიზეზი ისევ ჩინეთთან დაპირისპირების ლოგიკაში უნდა ვეძებოთ. მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიმტერონ რუსეთი უფრო მეტად, როცა ის მათთვის მთავარ საფრთხეს არ წარმოადგენს. სწორედ ეს პრაგმატული მიდგომაა ამერიკული საგარეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მათ აღარ აქვთ პრეტენზია იყვნენ მსოფლიო წესრიგის ერთპიროვნული გარანტები. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ უნიპოლარული სამყაროს ეპოქა დასრულდა და ახალ, ბიპოლარულ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ამერიკის მისია მეორე პოლუსთან – ჩინეთთან დაპირისპირებაა. შესაბამისად, ვაშინგტონის ყველა საგარეო ქმედება სწორედ ამ ლოგიკით უნდა გავიგოთ – ისინი გააქტიურდებიან იქ, სადაც ჩინური ინტერესები და სტრატეგიული ადგილებია.
ამ სტრატეგიული დაპირისპირების თვალსაჩინო მაგალითებია ვენესუელა და ტაივანი, რაც ოფიციალურ დოკუმენტებშიც არის დაფიქსირებული. რაც შეეხება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს ამ მასშტაბის დაპირისპირების საგანს. აქ არ იკვეთება ისეთი ჩინური ინტერესები, რომელთა გამოც ამერიკა ჩინეთთან კონფრონტაციაში შევა. რაც შეეხება საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს მიმდინარე მოვლენები ქმნის ახალ პრეცედენტებს, პრინციპით “მე ვარ და ჩემი ნაბადიო”, თუმცა რეალურად საქართველოს 2008 წლის შემდეგ უსაფრთხოების გარანტია არავისგან აქვს. უსაფრთხოების გარანტიები არც 2008 წლამდე გვქონია, მაგრამ ომის შემდეგ რუსული ჯარი თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში დგას. ამიტომ ჩვენთვის დღეს დიდად არაფერი შეცვლილა. ჩვენს ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც პირდაპირ ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და, მიუხედავად იმისა, ზოგს შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გაცნობიერებული ამ პრობლემის მასშტაბი, ჩვენ ამ რეალობაში დიდი ხანია ვარსებობთ.

ვენესუელისგან განსხვავებით, საქართველოს არ გააჩნია ნავთობი ან იშვიათი მინერალები და არ მდებარეობს ამერიკის უშუალო სამეზობლ აქვს სტრატეგიული რესურსი – შავი ზღვის სანაპირო და პორტები. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებაც. პრობლემა ის არის, რომ პორტის მშენებლობაში ჩინური ინტერესების შემოსვლა ამერიკისთვის მიუღებელია. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ანაკლიის პორტის პროექტი რუსეთის მოთხოვნით შეჩერდა, მითია. სინამდვილეში აქ ჩინეთის ფაქტორი ინტერესები იკვეთება. არსებობს ალბათობა, რომ საქართველოს საკითხი კვლავ უცვლელი დარჩეს. ეს ვითარება ობამას ადმინისტრაციის დროს დაწყებული “გადატვირთვის” პოლიტიკიდან მოყოლებული გრძელდება. მაშინ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მიზანი ირანის საკითხი იყო, თუმცა ერთ-ერთ, არა პირველხარისხოვან, მაგრამ მაინც განსახილველ თემას საქართველოც წარმოადგენდა. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საკითხი ისე დაეტოვებინათ, როგორც იყო. დიდია შანსი, რომ ახლაც ყველაფერი უცვლელად, ანუ, როგორც ინგლისურად იტყვიან, “ბაი დეფოლტ” გაგრძელდეს და სიტუაცია დარჩეს ზუსტად ისეთივე.

ევროკავშირში განხეთქილება, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო გაამწვავა, ორგანიზაციის ერთიანობას დიდ საფრთხეს უქმნის. თუ ადრე მხოლოდ ორბანი გამოხატავდა განსხვავებულ პოზიციას, დღეს უკვე იკვეთება სახელმწიფოების ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერ ფასად ომის დასრულება სურს. გარდა პოლიტიკური რღვევისა, ევროკავშირს მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკურმა კრიზისმაც. ევროკავშირი, როგორც ერთიანი საგარეო-პოლიტიკური მოთამაშე, სრულყოფილად არასდროს არსებულა, რაც დღეს უფრო თვალსაჩინოა – უკრაინის დახმარების პროცესში გაერთიანების ნაცვლად, ე.წ. მსურველთა კოალიცია მონაწილეობს. გლობალურ პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად ქცევისთვის აუცილებელია სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური ნება, რაც ევროკავშირს არ გააჩნია.

დღეს ევროკავშირსა და ამერიკას შორის განხეთქილება იკვეთება, რაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განცხადებებშიც ჩანს, რომ ამერიკა აღარ არის მათი მეგობარი. მართალია, ორი წლის წინ უკრაინის ომმა ეს ორი მხარე დააახლოვა, მაგრამ ახლა ეს ერთიანობა დასრულდა. ევროკავშირი აღარ არის ისეთი დაცული, როგორიც ათი წლის წინ იყო. მისი წარმატება სამ მთავარ საყრდენზე იდგა, რომლებიც ახლა მოშლილია: პირველი – ამერიკის მიერ გარანტირებული თავდაცვა, რაშიც დღეს გაურკვევლობაა; მეორე – რუსულ გაზზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა, რაც უკვე დამთავრდა; მესამე – ჩინური ბაზარი. ამ ფაქტორების მოშლის გამო ევროკავშირი ნაკლებად დაცულია, ვიდრე წარსულში…”,- განაცხადა შარაშენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები