ირანული მედია მომიტინგეებს ტერორისტებს უწოდებს

ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა IRIB-მა გუშინ საღამოს თეირანსა და სხვა რამდენიმე ქალაქში მომხდარი საპროტესტო აქციების მონაწილეები “ტერორისტებად” შეაფასა.

ამის შესახებ მედიასაშუალების Telegram გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

„მონარქიის ტერორისტი მხარდამჭერები გუშინ ღამით თეირანის სხვადასხვა ნაწილში მიმოფანტულ მიტინგებზე შეიკრიბნენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მაუწყებლის განცხადებაში.

ჟურნალისტების ცნობით, თეირანში მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს, სახანძრო მანქანებსა და ავტობუსებს, ასევე ცეცხლი გააჩინეს მეტროში. IRIB-ის ცნობით, ირანის სხვა ქალაქებში „აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა ელემენტებმა სახელმწიფო და კერძო ქონება დააზიანეს“.

შეგახსენებთ, 28 დეკემბერს ირანში ადგილობრივი ვალუტის დევალვაციის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო. მათ თან ახლდა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, მათ შორის პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზისა და პნევმატური იარაღის გამოყენება. ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები თეირანში გაიმართა, ხოლო ყველაზე ძალადობრივი შეტაკებები დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (მალექშაჰის, კერმანშაჰის და ლორდეგანის ქალაქები) დაფიქსირდა.

იანვრის დასაწყისში ირანის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი და ტელეფონის მომსახურება გათიშა. ითვლება, რომ ეს მთავრობის მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები