„ისლამური ხალიფატის“ ტერორისტებმა რუსი ინჟინერი მოკლეს
ისლამური ხალიფატის“ ტერორისტებმა სირიაში ერთი წლის წინ მოტაცებული რუსი ინჟინერი ვიაჩესლავ გორბუნოვი მოკლეს, ამ ინფორმაციას „ntv.ru“ ამერიკულ გამოცემა „The New York Times“-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაცია ამის შესახებ, რუკმინ კალიმაჩის სტატიაში გამოჩნდა, რომელმაც სირიაში დატყვევებული 23 უცხოელის ბედის გასარკვევად ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ვიაჩესლავ გორბუნოვიც სირიაში დაკავებული ტყვეებიდან ერთ-ერთი გახლდათ. ტერორისტები დაკავებული ტყვეების სანაცვლოდ მათ მთავრობებისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. ამერიკული გამოცემის ჟურნალისტის გავრცელებული ცნობის თანახმად, ტყვეებიდან ბევრმა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ განთავისუფლება მოახერხა, ზოგიერთი მათგანი კი ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ტერორისტებმა გორბუნოვი ქუჩაში დახვრიტეს. შემდეგ მისი გვამი კამერით გადაიღეს და ვიდეო-რგოლი დასაშინებლად სხვა ტყვეებს აჩვენეს. რუსული მედია-საშუალების ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში სირიელმა ბოევიკებმა გაავრცელეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს რუს ინჟინერს ვიაჩესლავ გორბუნოვს უწოდებდა და ამბობდა, რომ იყო დატყვებული გამტაცებლები თავიანთ მომხრეზე გაცვლას ითხოვდნენ. მისივე თქმით წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორისტები რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილით დასჯიდნენ.