„ინა გუდავაძე პოლიტიკაში ჩასართავად ემზადება“

   ინა გუდავაძე, არაპირდაპირი ფორმით, პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად ემზადება, – ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გუდავაძის პოლიტიკაში ჩართვა გია ხუხაშვილის ინიციატივაა. გელბახიანის ინფორმაციით, იქმნება ჯგუფი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს ადგილობრივ არჩევნებში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ამზადებს. გელბახიანის თქმით, გაჩეჩილაძის პიარს ტელეკომპანია „იმედი“ მოემსახურება, ხელისუფლების კრიტიკას კი გააძლიერებს. როგორც გელბახიანმა ინტერვიუში განაცხადა, პატარკაციშვილის ოჯახს ბიძინა ივანიშვილთან დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აღარ აქვს. “ბადრის ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან დიდი ხანია, არ მეგობრობს. მეტიც, ინა გუდავაძის პარტნიორი ირაკლი რუხაძე პრემიერ-მინისტრთან მივიდა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მათ მფლობელობაში გადაცემა მოითხოვა. ჩემი ინფორმაციით, მან ღარიბაშვილის დაშანტაჟებაც სცადა – თუ ქარხანა არ დაგვიბრუნდება, პარიზის სასამართლოში 400 მილიონი ლარის კომპენსაციას მოვითხოვთო. პატარკაციშვილის ოჯახის ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაზე მიანიშნებს ისიც, რომ ივანიშვილის საინვესტიციო ფონდიდან განსვენებულის ოჯახის წევრები მალევე გამოვიდნენ. მათი გადაწყვეტილება სწორედ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უკავშირდება. ულტიმატუმი, შანტაჟი, გაუებარი პრეტენზიები – ეს ამ ადამიანების ტექნოლოგიაა, ყველაფრის უკან კი ოჯახის მრჩეველი გია ხუხაშვილი დგას. ბადრის ოჯახს დიდი ხანია, “იმედის” გაყიდვა უნდა, თუმცა მრჩევლების დამსახურებით, ტელეკომპანია ჯერ კიდევ მათ საკუთრებაშია. კარგად იციან, რომ “იმედი” ხელისუფლების წინააღმდეგ სერიოზული ინსტრუმენტია, რაც ამ ტელეკომპანიამ ბადრის სიცოცხლეშიც დაამტკიცა. კულუარული ინფორმაციით, ინა გუდავაძე, არაპირდაპირი ფორმით, პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად ემზადება. რა თქმა უნდა, ესეც გია ხუხაშვილის ინიციატივაა. იქმნება ჯგუფი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს ადგილობრივ არჩევნებში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ამზადებს. მის პიარს კი ტელეკომპანია „იმედი“ მოემსახურება, შესაბამისად, ტელევიზია ხელისუფლების კრიტიკას უფრო გააძლიერებს”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები