სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან ერთად სხვადასხვა უწყებებს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული იმ დაწესებულებებში იმყოფებოდა, სადაც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე.

სახელმწიფო რწმუნებული რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებაში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრში და რუხის ხანდაზმულთა ცენტრში იმყოფებოდა.

დავით ვერავამ შობა-ახალი წელი ასევე მიულოცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების თანამშრომლებს.

„ამ ადამიანების დაუღალავ შრომასა და ზრუნვაზე დგას ჩვენი ქალაქი, რეგიონი და სრულიად საქართველო. ისინი ახალი წლის ღამითაც შრომობენ ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის. მინდა პირველ რიგში სწორედ მათ მივულოცო და ვუსურვო წარმატებები პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, – განაცხადა დავით ვერავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები