უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, 28 დეკემბერს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება,- ამის შესახებ გაზეთი „კიევი პოსტი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი ინფორმაციით, მოახლოებული შეხვედრა, შესაძლოა, ფლორიდის შტატის ქალაქ მარ-ა-ლაგოში, ამერიკის ლიდერის, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში გაიმართოს.
მედიის ინფორმაციით, კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობამ შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის მზადება დაიწყო.
საქმეში ჩართულმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით გამოცემას განუცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში სპეციფიკის დონე „ადრინდელთან შედარებით უფრო მაღალია“, თუმცა რამდენიმე საკითხი კვლავ საკამათო რჩება. ესენია უსაფრთხოების გარანტიები, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ზედამხედველობა და „რუსეთის იურიდიული ვალდებულებები“.
შეგახსენებთ, 24 დეკემბერს ზელენსკიმ 20-პუნქტიანი გეგმა გამოაცხადა, რომელიც უკრაინამ შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებების დროს განიხილა.
კერძოდ, გეგმა მოიცავს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება, რუსეთსა და უკრაინას შორის თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება კონტაქტის ხაზის გასწვრივ მონიტორინგით და უსაფრთხოების გარანტიები.